სსფ-მა საქართველოს 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.3 %-მდე შეამცირა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა მომავალ წელს უფრო ნაკლები ტემპით 4.3 %-ით გაიზრდება, ვიდრე თავდაპირველად იყო ნავარაუდევი.

სსფ-ს მისიის ხელმძღვანელის მერსედეს ვერა-მარტინის განმარტებით, 4.8%-დან, 4.3%-მდე ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირება, ძირითადად, გაუარესებული საგარეო ფაქტორებით არის განპირობებული.

“ჩვენ ველით რომ 2019 წელს ეკონომიკა 4.6 პროცენტით გაიზრდება, ხოლო 2020წელს 4.3 პროცენტით. ინფლაცია სამიზნე 3 პროცენტიან მაჩვენებელს 2020 წლის ბოლოს დაუბრუნდება, როცა ერთჯერადი ფაქტორების გავლენა ფასებზე მიილევა და მონეტარული პოლიტიკა საჭიროებისამებრ გატარდება. ეკონომიკურ პერსპექტივაზე მოქმედებს უარყოფითი რისკები, რომელიც ძირითადად საგარეო ვითარებით არის გამოწვეული. ჩვენ მივესალმებით ხელისუფლების ერთგულებას ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის მიმართ. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) 2019 წლის სექტემბრიდან პოლიტიკის განაკვეთი ჯამში 200 საბაზისო პუნქტით გაზარდა და მართებულად ინარჩუნებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გეგმას, სანამ ინფლაციის მოლოდინი ინფლაციის თარგეთს არ მიუახლოვება“, – განაცხადა სსფ-ს მისიის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ რომ წლის 23 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა სსფ-ს მისია ქალბატონი მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით. მისიის მიზანი იყო საქართველოში სსფ-ს მიერ გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეხუთე მიმოხილვა; ამავე პროგრამის ერთი წლით გაგრძელება; და ჩამოსარიცხი თანხის გადანაწილება ახალ ვადაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები