სტოლტენბერგი: თურქეთი ტერორიზმისგან ყველაზე მეტად დაზარალდა
ნატოს არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა ამდენი ტერაქტი, როგორ ეს თურქეთში იყო, – განაცხადა გამოცემა Bild am Sonntag-სთვის მიცემულ ინტერვიუში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
„საჭიროა ვაღიაროთ, რომ თურქეთი ნატოს მნიშვნელოვანი მოკავშირეა. ანკარამ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში, ასევე ფსევდო-ხალიფატის განადგურებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა,“ – განაცხადა სტოლტენბერგმა.
რაც შეეხება მოწოდებას, რომ თურქეთი ნატოდან იყოს გარიცხულ, ალიანსის გენერალური მდივანი ამბობს, რომ „ევროკავშირისგან განსხვავებით, ნატოს არ აქვს მექანიზმი, რომ ერთ-ერთი წევრის წინააღმდეგ რაიმე ზომები მიიღოს, მოკავშირეები ღიად და გამჭვირვალედ ცვლიან მოსაზრებებს“.
„სირიის ჩრდილოეთით შეჭრა ნატოს ბევრმა წევრმა დაგმო. ცხადია, რომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა საფრთხის ქვეშ არ უნდა დადგეს, დაძაბული ჰუმანიტარული ვითარება არ უნდა გაუარესდეს. თუმცა, ჩვენ სირიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში ძალადობის შემცირების მომსწრენი ვართ. თურქეთის ტერიტორიაზე დღეს 3,6 მილიონი სირიელი იმყოფება. არც ერთ ქვეყანას არ მიუღია ლტოლვილების ასეთი რაოდენობა. არც ერთ ნატოს პარტნიორს ამდენი ტერაქტი არ გადაუტანია, როგორც თურქეთმა“,- აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, დაუშვებელია რომ დაკავებული ტერორისტები გათავისუფლდნენ.
„ალ-ბაღდადის გარდაცვალება „ისლამური სახელმწიფოს“ დასასრულს არ ნიშნავს, დაჯგუფება ბოლო დრომდე ერაყსა და სირიაში მნიშვნელოვან ტერიტორიას აკონტროლებდა. ეს რეგიონი გავათავისუფლეთ, მაგრამ „დაეში“ დამარცხებული არ არის“, – განმარტა ნატოს გენერალურმა მდივანმა.