გიგი წერეთელი: კელი დეგნანის გამოსვლაში იგრძნობოდა, რომ საქართველოს საკითხები იცის
კელი დეგნანის გამოსვლაში იგრძნობოდა, რომ საქართველოს საკითხები იცის, – ასე შეაფასა “ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგი წერეთელმა საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებები.
“მის გამოსვლაში იგრძნობოდა, რომ საქართველოს საკითხები იცის. მას ეს საკითხები აწუხებს და მომართული იქნება იმისკენ, რომ აქტიურად იმუშაოს ევროატლანტიკური მიმართულებით, რუსეთთან დაკავშირებით და ქვეყნის შიდა საკითხებზე. ხელისუფლებამ კარგად უნდა გაიაზროს ისიც, იმ განცხადების უკან რა დგას, რაც უკავშირდება 2020 წელს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. სამწუხაროდ, საპრეზიდენტო არჩევნებზე ქვეყნის რეპუტაციას ჩრდილი მიადგა. მან საკუთარ განცხადებაში ის იგულისხმა, რომ პრობლემები არსებობს. პრობლემები რომ არსებობს, დაფარული არ ყოფილა, რადგან საერთაშორისო დამკვირვებლებმა ძალიან მკაფიოდ აღნიშნეს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. სწორედ ეს მინიშნება გაკეთდა და საჭიროა, სწორი მოქმედება“, – განაცხადა წერეთელმა.
საქართველოში აშშ-ის ელჩად წარდგენილ კელი დეგნანს გუშინ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მოუსმინეს. სიტყვით გამოსვლისას, სხვა საკითხებთან ერთად, ელჩობის კანდიდატმა საქართველოში მომავალ წელს დაგეგმილ არჩევნებზეც ისაუბრა.
“საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი იოლი არ ყოფილა და კიდევ ბევრია გასაკეთებელი ამ მიღწევების შესანარჩუნებლად და გასავითარებლად. ეს განსაკუთრებით ეხება პლურალისტული საკანონმდებლო ორგანოს წინ წაწევას, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემას, მედიის მრავალფეროვნებასა და აქტიურ სამოქალაქო სექტორს. დემოკრატიის პრინციპებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ჩემი დამტკიცების შემთხვევაში, მზად ვარ, ვიმუშავო ყველა პოლიტიკურ მოთამაშესთან საქართველოში, რათა დავრწმუნდე, რომ მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნები იქნება სამართლიანი და თავისუფალი“, – აღნიშნა დეგნანიმ.