ნათია თურნავა მეტალურგებს პროფესიულ დღეს ულოცავს
დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროფესიის წარმომადგენლების – მეტალურგების პროფესიული დღეა.
როგორც ეკონომიკის მინისტრი, ხშირად ვსტუმრობ მეტალურგიულ ქარხნებს და კარგად ვიცი, რამდენად შრომატევადია ასეთ საწარმოებში დასაქმებულთა საქმიანობა, რამდენად მძიმე შრომის ფასად ქმნით თქვენ მაღალი ხარისხის მეტალურგიულ პროდუქციას, რომელიც წარმატებით იყიდება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, მეტალურგების პროფესიულ დღესთან დაკავშირებით განაცხადა.
მინისტრმა მეტალურგებს პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ დარგი ათასობით ადამიანს ასაქმებს და ქვეყნის ექსპორტის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.
“დღეს როგორც ფერადი, ასევე შავი მეტალურგია ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდ სექტორებს შორისაა. დარგი ასაქმებს ათასობით ადამიანს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ექსპორტის განვითარებაში. თუმცა ამ სტატისტიკის მიღმა აუცილებელია გამორჩეულად მოვიხსენიოთ ის მამაცი და შრომისმოყვარე ადამიანები, რომლებიც რთული შრომითი პირობების მიუხედავად, დღე და ღამე შრომობენ, ასრულებენ სარისკო სამუშაოებს და ამით წვლილი შეაქვთ ქვეყნის აღმშენებლობაში.
ნება მიბოძეთ, განსაკუთრებული მადლობით მოგმართოთ თქვენ, მეტალურგებს და მთავრობის სახელით, დაგპირდეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მეტალურგიულ საწარმოებში გაუმჯობესდეს შრომის უსაფრთხოება და სამუშაო პირობები.
კიდევ ერთხელ გილოცავთ, გისურვებთ ჯანმრთელობას, პირად და პროფესიულ წარმატებებს”, – განაცხადა ნათია თურნავამ.