შალვა თადუმაძე: არქივიდან ამოღებულია დოკუმენტაცია, რომელიც აფიქსირებს, რომ ჩემი დიპლომი არის ნამდვილი

არქივიდან ამოღებულია დოკუმენტაცია, რომელიც აფიქსირებს, რომ ჩემი დიპლომი არის ნამდვილი, – ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ განაცხადა.

“ოპოზიციას აქვს თავისი დღის წესრიგი, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ პოლიტიკურ ბოდვაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ“, – აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

განათლების ცენტრმა შალვა თადუმაძის განათლების დოკუმენტზე გამოთხოვილი ინფორმაცია ანრი ოხანაშვილს, ომბუდსმენს, სერგო რატიანს, ირაკლი აბესაძეს, “საერთაშორისო გამჭვირვალობას“ და თავად თადუმაძის წარმომადგენელს მიაწოდა.

“ჩემმა წარმომადგენელმა სხვებთან ერთად მიმართა განათლების ხარისხის ცენტრს და არქივიდან ამოღებულია დოკუმენტაცია, რომელიც აფიქსირებს, რომ მე აღნიშნულ სასწავლებელში ვსწავლობდი, ჩემი დიპლომი არის ნამდვილი და ამასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. ოპოზიციას აქვს თავისი დღის წესრიგი, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ პოლიტიკურ ბოდვაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ და აღნიშნა რომ, კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს, არც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობიდან, არც პროკურორობიდან.

შეგახსენებთ რომ, 7 ოქტომბერს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” გაავრცელა ინფორმაცია შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით. კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, თადუმაძის დიპლომში არაერთი შეუსაბამობაა, მათ შორის, არეული თარიღები, რაც მის ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები