გიორგი ვოლსკი: მეუხერხულება კიდეც, უცხოელმა კოლეგებმა არ გაიგონ, რომ ქველმოქმედება საქართველოში სადავოა
წყალტუბო უნიკალური კურორტია. ჩვენი ქვეყნის მარგალიტია, – ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია, “იმედის“ ეთერში წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
“წყალტუბო უნიკალური კურორტია. ჩვენი ქვეყნის მარგალიტია, თუმცა, მე მხოლოდ ამაზე არ გავამახვილებდი ყურადღებას. პოლიტიკური რაკურსით რომ შევხედოთ საკმაოდ მძიმეა მდგომარეობა, ადამიანების დამოკიდებულება ერთმანეთისადმი. ეს ხელს უშლის რეალური ინფორმაციის გავრცელებას. არა მხოლოდ წყალტუბოზე, აბასთუმანზეც ისეთი მოძალებაა ე.წ. “ფეიკნიუსების”, რომ ბევრმა არ იცის რა ხდება. ხალხი ზედმეტად პოლიტიზებულია და უჭირთ გაიგონ სინამდვილეში რა ხდება.
მე არანაირად არ ვამცირებ სხვა ქვეყნების ღირშესანიშნავობებს, ცნობილ ადგილებს. საფრანგეთი ან ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობენ თავიანთი კურორტებით და ასევეა საქართველო. საოცარი ადგილები გვაქვს. მაგალითად მუცო და აბასთუმანი, რომელთა რეაბილიტაციას ისევ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს. ახლა მათ რიცხვს წყალტუბო ემატება. ასევე, უდიდესი მნიშვნელობის არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტი. სრულიად არაჯანსაღია ის, თუ როგორ ხვდება ოპოზიცია ამ პროექტებს. მეუხერხულება კიდეც, რომ უცხოელმა კოლეგებმა არ გაიგონ, რომ ქველმოქმედება საქართველოში სადავოა“, -აღნიშნა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ წყალტუბოს განვითარების პროექტს იწყებს.