ნინო ბურჯანაძე: ეკლესია და ეკლესიის წარმომადგენლები თავიანთი განცხადებებით და ემოციური ქცევით ეკლესიის ერთიანობას საფრთხის ქვეშ აყენებენ

ეკლესია და ეკლესიის წარმომადგენლები თავიანთი განცხადებებით და ემოციური ქცევით ეკლესიის ერთიანობას საფრთხის ქვეშ აყენებენ, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

ბურჯანაძის თქმით, ერის სულიერება, ერთობა და ქვეყნის ხვალინდელი დღე საფრთხის ქვეშ დგას.

“დღეს ერის სულიერება, ერთობა და ქვეყნის ხვალინდელი დღე უბრალოდ საფრთხის ქვეშ დადგა. ქართული ეკლესია ყოველთვის იყო ქვეყნის გამაერთიანებელი, ერისათვის იმედის მიმცემი. დღესაც ეკლესია იყო ყველაზე პოპულარული და ნდობით აღჭურვილი ინსტიტუტი საქართველოში. მოსახლეობის ამ მძიმე ჟამს სწორედ რომ ეკლესიის იმედი ჰქონდა. დღეს ჩვენ ვხედავთ არა მარტო ტოტალურ შეტევას ეკლესიაზე, არამედ იმას, რომ თავად ეკლესია და ეკლესიის წარმომადგენლები თავიანთი განცხადებებით და ემოციური ქცევით საფრთხის ქვეშ აყენებენ ეკლესიის ერთიანობას და შესაბამისად, ერის ერთიანობას და სულიერებას. ეს ძალიან დიდი საფრთხის მატარებელია.

პირველ რიგში, მოვუწოდებ ხელისუფლებას, მას ბრალად ედება ეკლესიის საქმეებში ჩარევა და ეკლესიის ნგრევის მცდელობა. კეთილი ინებეთ და რეაგირება მიეცით ამ ბრალდებებს. კეთილი ინებეთ და საქართველოს მოსახლეობას აუხსენით, რატომ გახდით ასეთი ბრალდების სამიზნე და მეორე, მინდა თავს უფლება მივცე და მოვუწოდო სასულიერო პირებს. თქვენგან თითოეული ჩვენგანი გაცილებით მეტს ველოდებით. თითოეული მოქალაქე ელოდება მეტს ვიდრე პოლიტიკოსებისგან, ვიდრე სხვა ჩეულებრივი მოქალაქეებისაგან. იპოვეთ საკუთარ თავში ძალა, რომ ეკლესიაში და ერთმანეთში არსებული პრობლემები არ გამოდიოდეს გარეთ და მოსახლეობის თვალწინ გასარჩევი არ იყოს“, – განმარტა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის მიერ ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.

მეუფე იაკობმა დღეს, პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ თანამდებობა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები