„იმოგზაურეთ ბევრი და გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რასაც თქვენი განვითარებისთვის გთავაზობენ“ – განათლების ცენტრის სტიპენდიანტის რჩევები უცხოეთში სწავლის მსურველებს

გოგა ჩხაიძე განათლების საერთაშორისო ცენტრის 2018 წლის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულია. მან ცენტრის სტიპენდია შვედეთში, ლუნდის უნივერსიტეტში ევროპისა და საერთაშორისო საგადასახადო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მიზნით მიიღო. გოგამ საზღვარგარეთ სწავლის რთული ეტაპები წარმატებით გაიარა, სწავლის დასრულების შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება დაიწყო. რა გამოწვევების დაძლევა მოუწია გოგას საზღვარგარეთ ყოფნისას, რა ეტაპები გაიარა მან უცხოეთში გამგზავრებამდე და როგორია ამჟამად მისი სამომავლო გეგმები? ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით გოგა ვრცლად გვიყვება.
-გვითხარით, ცენტრის რომელი პროგრამის გამარჯვებული ხართ, რომელ ქვეყანასა და უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდით და რა პროფესიაზე?
– მე ვარ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2018 წლის სასტიპენდიო პროგრამის – საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამების გამარჯვებული. განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდია მივიღე შვედეთში, ლუნდის უნივერსიტეტში ევროპისა და საერთაშორისო საგადასახადო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მიზნით. აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხვისა და უნივერსიტეტის ნაწილობრივი სტიპენდიის მოპოვების შემდეგ მივმართე კონკურსის ვადებში ცენტრს დარჩენილი სწავლის საფასურისა და ცხოვრების ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნით და კონკურსის ეტაპების გავლის შემდეგ დადებითი პასუხი მივიღე. რაც შეეხება საზღვარგარეთ ცხოვრების გამოცდილებას, განათლების საერთაშორისო ცენტრის ყოველწლიურ ფორუმზე 2018 წლის ივლისში ახალ სტიპენდიატებს მოგვეწოდა ინფორმაცია ყველა იმ მნიშვნელოვანი გამოწვევისა თუ მისაღები გამოცდილების შესახებ, რაც სწავლის პერიოდში გველოდებოდა. ვფიქრობ, რომ ის ერთი წელი, რომელიც შვედეთში გავატარე, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იყო აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. სწავლისა და შეფასების სისტემა იმდენად განსხვავებული გახლდათ საქართველოში არსებული პრაქტიკისგან, რომ შეგუებისთვის გარკვეული პერიოდი დამჭირდა. ცხოვრება საკმაოდ საინტერესო იყო, მრავალფეროვანი, სტუდენტური აქტივობებითა და სხვადასხვა ღონისძიებით აღსავსე.
– გაიხსენეთ ის ეტაპები, რომლებიც სტიპენდიის მოპოვებამდე გაიარეთ. რამდენად რთული იყო ცენტრის კონკურსში გამარჯვება?
– ცენტრის კონკურსში მონაწილეობა, პროცედურული თვალსაზრისით, ძალიან ხელმისაწვდომია ყველა აპლიკანტისთვის. ცენტრში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, იმართება საორგანიზაციო შეხვედრები და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პროცედურულად საკმაოდ მარტივია განაცხადის გაკეთება. თუმცა მეორე ნაწილი, სტიპენდიის კონკურსში გამარჯვება, საკმაოდ რთული პროცედურაა, იმის გათვალისწინებით, რომ ყოველწლიურად ძალიან ბევრი განაცხადი შედის ცენტრში დაფინანსების მოთხოვნით. დაფინანსებულების სიაში მოსახვედრად ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად წარმოაჩინო ყველა ის ღირებულება და პრიორიტეტი, რომელსაც ფიქრობ, რომ შემდგომში საკუთარ ქვეყანაში გამოიყენებ. გასაუბრების დასრულების შემდეგ დამრჩა განცდა, რომ კომისიის წევრებს აინტერესებდათ ჩემი ხედვები და მოვახერხე ყველა იმ მნიშვნელოვანი დეტალის გამოკვეთა, რომელიც პროგრამას ეხებოდა. ცენტრის კონკურსში გამარჯვება რთულია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, ამ გამარჯვებისთვის სწორად გქონდეს დაგეგმილი ყველა ის ნაბიჯი, რის გავლასაც ამ მიზნის მისაღწევად აპირებ.
– რა იყო მთავარი სირთულე, რომელიც საზღვარგარეთ სწავლის პროცესში გახსენდებათ?
– საზღვარგარეთ სწავლის პერიოდში ყველაზე დიდი სირთულე ჩემთვის იმ მასალის მოცულობა იყო, რომელიც ყოველდღიურად უნდა მოგვემზადებინა. ამას საწყის ეტაპზე ემატება ენის ბარიერი. რაც არ უნდა სრულყოფილად ფლობდე ენას, მაინც რთულია, განსაკუთრებით პირველი კვირების განმავლობაში, საკუთარი გონების სრულიად სხვა ენაზე გადაწყობა. ჩემი პროგრამა გამორჩეული იყო მასალის სიუხვით და ამ მასალის დამუშავება და მომზადება გახლდათ მთავარი გამოწვევა ჩემთვის. ადაპტაციის მომენტი დიდად არ მქონია, იმის გათვალისწინებით, რომ ამაზე საფიქრალი დრო არ მრჩებოდა.
– რა გახსენდებათ ყველაზე სასიამოვნოდ?
– მთელ ამ გამოცდილებაში ყველაზე სასიამოვნოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი მახსენდება. პირველი, 16 ივლისი, როდესაც შეტყობინება მივიღე დაფინანსების თაობაზე; პირველი დღე უნივერსიტეტში, როდესაც ახალ ადამიანებთან და ახალ გარემოსთან რეალური შეხება მქონდა; ყველა იმ პატარ-პატარა გამოწვევის დაძლევა, რომელიც სწავლისა და საზღვარგარეთ ცხოვრების პერიოდს ახლდა. ასევე, შევიძინე არაჩვეულებრივი მეგობრები და ნაცნობები და მათთან გატარებული დრო ძალიან კარგად მახსენდება.
– სად მუშაობთ ამჟამად, როგორ გაგრძელდა თქვენი კარიერა სწავლის დასრულების შემდგომ? რა გავლენა იქონია განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტობამ თქვენს დასაქმებაზე?
– ამჟამად ვმუშაობ შემოსავლების სამსახურის იურიდიულ დეპარტამენტში, მრჩევლად. საქართველოში დაბრუნების შემდეგ სამსახურებრივი წინსვლა და მიღებული განათლების პრაქტიკაში გამოყენების მომენტი არაერთხელ ვიგრძენი. ასევე, ვმუშაობ თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში მოწვეულ ლექტორად და სხვადასხვა ორგანიზაციებში ტრენერად. ცენტრის სტიპენდიანტობამ და შესაბამისად, უცხოეთში მიღებულმა განათლებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სამსახურებრივი წინსვლის საკითხში და ამავდროულად, იქ მიღებული ცოდნა მეხმარება საქართველოში უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე, დოქტორანტურის პროგრამაზე სადისერტაციო ნაშრომის დასრულებაში.
– რა რჩევას მისცემდით განათლების საერთაშორისო ცენტრის ახლანდელ და მომავალ სტიპენდიანტებს?
– განათლების საერთაშორისო ცენტრის მომავალ ან მიმდინარე სტიპენდიანტებს მივცემდი რჩევას, რომ ისიამოვნონ ყველა იმ წუთით, რომელსაც საზღვარგარეთ სტუდენტის სტატუსით გაატარებენ. ეს არის საუკეთესო გამოცდილება, საუკეთესო პერიოდი, როგორც ცხოვრების, ისე განათლების მიღების კუთხით. იმოგზაურეთ ბევრი და გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რომელსაც საკუთარი უნივერსიტეტი გთავაზობთ განვითარებისთვის.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც აღვნიშნე, ვმუშაობ დისერტაციაზე და ვგეგმავ სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვებას. ამასთანავე, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და საზღვარგარეთ ნასწავლი საუკეთესო ევროპული პრაქტიკის საქართველოში დანერგვასა და გავრცელებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები