რუსეთი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, თუ ვინ მოამზადა ამის წინაპირობა: გიორგი ვოლსკი

“ბუნებრივია, რომ რუსეთი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, თუ ვინ მოამზადა ამის წინაპირობა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სადაც „მინისტრის საათის” ფორმატში, საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს მოუსმინეს.

მისივე თქით, დღეს რომ შევიდეთ რუსეთთან დაპირისპირებაში, უკვე „ეკონომიკური მუშტი” მოგვხვდება, რომელიც კიდევ უფრო დააზარალებს და დაამძიმებს ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას.

“რუსეთთან პრობლემების მოგვარების ორი გზა არსებობს. ერთი – იარაღით ხელში, მეორე კი მოლაპარაკებით. სხვა გზა არ არის ცნობილი. მოლაპარაკების გზა, მოლაპარაკების მცდელობა – ეს არის თემა, რომელიც ახასიათებს პატარა ქვეყანას დიდი საფრთხეების წინაშე. თუკი ჩვენ ამ გზით არ წავალთ სერიოზულ, გაცილებით უფრო მძლავრ, დამანგრეველ დარტყმებს მივიღებთ. მიმდინარეობს მსოფლიო მასშტაბის დაპირისპირება, რომელმაც შეიძლება გაცილებით უფრო მძიმე შედეგები მოიტანოს. ამ გლობალურ გამოწვევებში უნდა გადარჩეს ჩვენი პატარა ქვეყანა. ჩვენი პოლიტიკური საქმიანობის ყველა ეტაპზე, უნდა დაიგეგმოს და უნდა ვილაპარაკოთ იმაზე თუ რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს პატარა საქართველოს გლობალური გამოწვევის წინაშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მომავალი არ გვაქვს, გაცილებით უფრო რთულად არის მდგომარეობა მსოფლიოში ვიდრე შეიძლება ერთი შეხედვით ჩვენ გვეგონოს”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, საქართველოს არ ჰქონია არასდროს ასეთი გამოკვეთილი პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე, როგორიც დღეს აქვს. ეს მნიშვნელოვანწილად სახელმწიფო პოლიტიკის დამსახურებაა და ამის მიღწევა შესაძლებელი გახდა იმ პერიოდში, როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში.

„ადამიანები, რომლებიც დღეს ბორდერიზაციაზე საუბრობენ არიან ზუსტად ისინი, რომლებმაც უგულვებელყვეს და ფეხქვეშ გათელეს ის საგზაო რუქა, რომელიც შემოგვთავაზა ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ზუსტად იმ პროგნოზით, რომელიც დღეს სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანას უდგას წინ – რომ თუ არ წავალთ ამ მიმართულებით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით იქნება მნიშვნელოვნად შეფერხებული – ეს მოხდა იმ პერიოდში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იქნება საფრთხის ქვეშ და იქნება ოკუპირებული ტერიტორიები – ესეც მოხდა”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები