ალექსანდრე რევია – საუბარია არა ბიუჯეტის აუთვისებლობაზე, არამედ სახსრების ეფექტიან ხარჯვაზე

სააგენტოსთვის საჭირო კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვა და პროგრამული უზრუნველყოფა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან მოზიდული სახსრებით განხორციელდა, რითაც დაიზოგა ბიუჯეტიდან სააგენტოსთვის გამოყოფილი თანხა, – ამის შესახებ საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე რევიამ.

როგორც რევია ამბობს საუბარია არა ბიუჯეტის აუთვისებლობაზე, არამედ სახსრების ეფექტიან ხარჯვაზე.

„სსიპ – საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო აქცენტს აკეთებს პროექტებზე, რომელთა საინვესტიციო ღირებულება სულ მცირე 5 მილიონი ლარია. საუბარია პროექტებზე ინოვაციური და ციფრული ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკა/ მრეწველობის და განათლების სფეროებში.
შექმნის დღიდან სააგენტომ უკვე განიხილა 10-ზე მეტი პროექტი, რომელთა ნაწილზე დადებითი რეკომენდაცია გაიცა, ნაწილი კი უფლებამოსილ მხარეს შენიშვნებით დაუბრუნდა. პროექტები, რომლებზეც სააგენტომ ამ ეტაპზე დადებითი რეკომენდაცია გასცა, ძირითადად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ქარის ელექტროსადგურების განვითარებას გულისხმობს.
სააგენტოს საქმიანობის შეფასება ბიუჯეტის ათვისების ჭრილში თვისობრივად არასწორია, ვინაიდან ჩვენი მთავარი ფუნქციაა პასუხისმგებლიანი ინვესტირების პრაქტიკისა და შედეგზე ორიენტირებული საინვესტიციო პოლიტიკის ხელშეწყობა.
სააგენტო მაქსიმალური გამჭვირვალობით ხარჯავს მისთვის გამოყოფილ სახსრებს და მინიმუმამდე აქვს შემცირებული ე.წ ადმინისტრაციულ ხარჯები. მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ სააგენტოსთვის საჭირო კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვა და პროგრამული უზრუნველყოფა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან მოზიდული სახსრებით განხორციელდა, რითაც დაიზოგა ბიუჯეტიდან ჩვენთვის გამოყოფილი თანხა. შესაბამისად, აქ საუბარია არა ბიუჯეტის აუთვისებლობაზე, არამედ სახსრების ეფექტიან ხარჯვაზე.

ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას როგორც ინვესტორებთან, ისე – შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება საჯარო-კერძო პარტნიორობის კიდევ უფრო მეტი პროექტი, რომლებსაც სააგენტომ დადებითი რეკომენდაცია მისცა“, – განაცხადა ალექსანდრე რევიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები