კახა კალაძე კახეთის გზატკეცილზე საგზაო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად, გვიან ღამით, კახეთის გზატკეცილზე, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც ასფალტის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.

კახა კალაძე საგზაო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო და კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის პროცესის დასრულების შესახებ ისაუბრა.

“ჯორჯ ბუშის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად მიწისქვეშა კომუნიკაციებიც მოწესრიგდა. ასევე, რეაბილიტაცია უტარდება აქ არსებულ სკვერს. მინდა აღვნიშნო, რომ ამ სკვერზე მომუშავე კომპანიის დათხოვნა მოგვიწია, რადგან ის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობას ვერ ასრულებდა. ახლა ამ სამუშაოებს სხვა კომპანია ასრულებს. მთლიანობაში კახეთის გზატკეცილზე მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც აქამდე აქ არ ჩატარებულა. ნოემბრის შუა რიცხვებისთვის მთლიანად დასრულდება და შესაძლებელი გახდება გადაადგილება. აღნიშნულის პარალელურად, დაირგვება ხე-მცენარეები და დამონტაჟდება განათების ბოძები. ასევე, იცით, რომ აეროპორტის ტრასის მიმდებარედ არსებული მონუმენტის რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება და ისიც დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური დედაქალაქის მასშტაბით მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აგრძელებს: მიმდინარეობს კახეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია, ბუშის ქუჩაზე კომპანია GWP-მ წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია, ხოლო ისნის პანდუსზე – სასმელი წყლის ქსელის მოწყობა დაასრულა, პარალელურად, ასფალტის საფარის ქვედა ფენა იგება. ამ დროისათვის უკვე ასფალტის საფარი 250 000 მ2 ფართობზე დაიგო.

მთლიანობაში რეაბილიტაცია კახეთის გზატკეცილის 9.5 კმ სიგრძის ორივე მიმართულების სავალ ნაწილს უტარდება. იცვლება საფუძველი, მიწისქვეშა კომუნიკაციები. 360 გვერდმიმღები ჭა, ბორდიურები და ტროტუარი, 10 000 მ2 ფართობზე მოეწყობა. სავალ ნაწილზე, საერთო ჯამში, ასფალტის საფარის სამი ფენა, სულ 280 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება.

რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპზე გარე განათების ქსელი სრულად გამოიცვლება და ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლედ სანათები დამონტაჟდება. პროექტი გამწვანების ღონისძიებებს ითვალისწინებს. კერძოდ, მწვანე საფარი გამყოფ ზოლებში მოეწყობა. საგზაო სამუშაოები პარალელურ რეჟიმში ორივე მიმართულებით გზატკეცილის ორივე მხარეს მიმდინარეობს.

გასულ წელს, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა, კახეთის გზატკეცილის მარჯვენა და მარცხენა სათადარიგო ზოლები სრული რეაბილიტაცია განახორციელა, ბეტონის თვალამრიდები მოეწყო და გზატკეცილზე არსებულ ავარიულ ხიდს (ე.წ ვარკეთილის ხიდებს) რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები რომელსაც კომპანია “ჯეუ გრუპი“ ახორციელებს, მიმდინარე წლის 3 აპრილს დაიწყო და ნოემბერში დასრულდება. ამისათვის, თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაახლოებით 45, 000 000 ლარი დაიხარჯება.

თბილისის მერთან ერთად, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ქუჩაზე, ასევე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, საკრებულოს დეპუტატი ბექა დავითულიანი, “თბილსერვის ჯგუფის“ და კომპანია “გრინსერვისის“ ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები