„თამბაქოს ინდუსტრია პოლიტიკოსებს ყიდულობს, ამ კრიმინალურ ბიზნესს ჩინოვნიკებზე ბერკეტები არ უნდა ჰქონდეს“ – „თამბაქოს კონტროლის ალიანსი” პრემიერს მიმართავს

თამბაქოს ინდუსტრიის ინიციატივით მომზადებულ ცვლილებათა პროექტი, რომელიც ელექტროსიგარეტებზე რეგულაციების შერბილებას ითვალისწინებდა, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო, – ამის შესახებ „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარემ, გიორგი ბახტურიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ჯანდაცვის კომიტეტი მტკიცედ დადგა და მოთხოვნები არ გაიზიარა.

„გასულ წელს „ფილიპ მორისმა“ ბიზნესასოციაციის მეშვეობით ახალი კანონპროექტი შემოიტანა პარლამენტში. პარლამენტმა მაშინ მტკიცე პოზიცია გამოხატა და უარი თქვა ამ ცვლილებებზე. ცვლილებები ელექტრონულ სიგარეტებსა და ახალ გახურებად თამბაქოზე რეგულაციების შესუსტებას ითვალისწინებდა. ეს გულისხმობდა იმას, რომ ამ პროდუქტების პოპულარიზაცია, სავაჭრო ობიექტებში მათი გასინჯვის საშუალება და ასევე ხილვადობის დაშვება მომხდარიყო. ეს კანონპროექტი მიიღეს პარლამენტის მხრიდან და შემდეგ ეცადნენ, „ფილიპ მორისს“ მთავრობის საშუალებით მოეხდინა ამ კანონპროექტის პარლამენტში შეტანა, თუმცა ჩვენი მკვეთრი განცხადებების შემდეგ თავი შეიკავეს და პარლამენტში მოძებნეს რამდენიმე დეპუტატი, რომელთაც ეს ინიციატივა გააფორმეს. ამას დაუმატეს თუთუნის დაბეგვრის ინიციატივა. ეს ორი ნაწილი გააერთიანეს. ჯანდაცვის კომიტეტმა თავის მტკიცე პოზიცია გამოიჩინა და კატეგორიულად გაემიჯნა ამ პროცესს. როგორც კი ეს ინიციატივა გაფორმდა, ჩვენი ალიანსი გამოვიდა ინიციატივით, გამოვაცხადოთ საქართველო ელექტრონული სიგარეტის, გახურებადი თამბაქოს და თამბაქოს ახალი პროდუქტებისგან თავისუფალ ქვეყნად.
რა მოხდა პარლამენტში – ჯანდაცვის კომიტეტი მტკიცედ დადგა, არ გაიზიარა მოთხოვნები. განხილვების დროს მისი ავტორები დათანხმდნენ ჯანდაცვის კომიტეტის შენიშვნებსა და რეკომენდაციებს, უკან გაიწვიეს რეკლამის შესახებ კანონში ცვლილებები, ასევე არ გაითვალისწინეს არცერთი მუხლი, რაც ეხებოდა ელექტრონული სიგარეტის, გახურებადი თამბაქოს და ახალი პროდუქტების ლიბერალურ რეგულაციებს. ერთადერთი გამონაკლისი, რაც ამ ეტაპზე გაკეთდა გახლავთ ის, რომ 2022 წლამდე გახურებად თამბაქოს და ახალი პროდუქტების ყუთებზე პიქტოგრამები არ იქნება დატანილი „- განაცხადა ბახტურიძემ.
მისი თქმით, ელექტრონული სიგარეტების გამოყენებასთან დაკავშირებით უმძიმესი შედეგებია. ბახტურიძემ ელექტროსიგარეტების მოხმარების უარყოფით შედეგებზე ისაუბრა.
„აშშ-დან გავრცელდა ინფორმაცია ელექტრონული სიგარეტის გამოყენებასთან დაკავშირებით. უმძიმესი შედეგებია, ათასობით ფაქტია დაფიქსირებული, როცა დგინდება ფილტვის ჯერ კიდევ დაუდგენელი დაავადება და გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევაც იყო. ეს, ძირითადად, ახალგაზრდებს ეხებათ. ახალგაზრდები, რომლებიც 1-2 წლის განმავლობაში ინტენსიურად მოიხმარდნენ ელექტრონულ სიგარეტს, დაუდგათ სასიკვდილო განაჩენი. ამერიკის საკვების და წამლის სააგენტომ უკვე გამოაცხადა და მოითხოვა აშშ-ს ხელმძღვანელობისგან, რომ მოახდინოს ელექტრონული სიგარეტის რეგულაცია.
50 ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც თავისუფალია ელექტრონული სიგარეტისა და ახალი პროდუქტებისაგან, მათ შორის გახურებადი თამბაქოს პროდუქტებისაგან. გახურებადია ე.წ. „აიქოსი“, რომლისთვისაც „ფილიპ მორისი“ იბრძვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახდენს პოპულარიზაციას და ყიდულობს პოლიტიკოსებსაც, მათ შორის, საქართველოში. კონკრეტულ პირს ვერ დავასახელებ, მაგრამ იმდენად ლობირებს ამ პროცესს ბიზნესომბუდსმენი და მისი აპარატი, რომ საკმაოდ სერიოზული ეჭვები გვაქვს, რომ ისინი არიან გარკვეულ გარიგებაში ამ ბიზნესთან. მივმართავთ მთავარ პროკურორს გამოიძიოს თამბაქოს ინდუსტრიის ურთიერთობები მაღალი თანამდებობების პირებთან, მათ შორის ბიზნესომბუდსმენთან.
ასევე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასგან მოვითხოვთ, მიღებული იქნას უკვე მომზადებული, ყველა უწყებასთან შეთანხმებული „თამბაქოს ინდუსტრიასთან ურთიერთობების გამჭვირვალობის შესახებ” დოკუმენტი. ეს ყველა ნიუანსს დაარეგულირებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში, ამ კრიმინალურ ბიზნესს არ ჰქონდეს არანაირი ზეგავლენის ბერკეტი არცერთ ჩინოვნიკზე.
ჩვენ როგორც ალიანსმა დავაყენეთ მოთხოვნა, გამოვაცხადოთ საქართველო ელექტრონული სიგარეტის, გახურებადი თამბაქოს და თამბაქოს ახალი პროდუქტებისგან თავისუფალ ქვეყნად. იმედია, ამ საკითხს განიხილავს პარლამენტი“, – განაცხადა ბახტურიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები