რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ანგარიში მოისმინა

საზედამხედველო საქმიანობის 2019 წლის გეგმის შესაბამისად რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ანგარიში მოისმინა.

ანგარიში “საქართველოს რეგიონებში (მუნიციპალიტეტებში) მოსახლეობის წყლის და წყალარინების (კანალიზციის) სისტემების უზრუნველყოფისთვის 2018-2019 წლებში მიმდინარე სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ” კომიტეტს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ წარუდგინა.

მისი თქმით, წყალი ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ამიტომ კომპანია ახორციელებს მთელ რიგ პროექტებს და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ამოცანა შესრულდეს. თუმცა, მან ასევე ისაუბრა არსებულ შემაფერხებელ ფაქტორებზეც და პრობლემების დაძლევის გზებზეც გაამახვილა ყურადღება.

მან დეტალურად გააცნო კომიტეტს რეგიონების მიხედვით წყალმომარეგების, წყალარინებისა და კანალიზაციის მოწესრიგების პროექტების განხორციელების მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.

დღევანდელ სხდომაში მონაწილეობდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კაცია, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი დავით ნარმანია, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე და დეპარტამენტის უფროსი ვასილ წაქაძე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წყალმომარაგების დეპარტამენტის უფროსი გივი ნადირაძე.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია დაინტერესდა არსებობს თუ არა საქმიანი კომუნიკაცია შესაბამის სამსახურებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს შორის წყალმომარაგების სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით.

“ეს არის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების უფლებამოსილება და შეიძლება ითქვას, რომ ხარვეზებია ამ უფლებამოსილების პროცესში. ეს საკითხი მოითხოვს ინტელექტუალურ შრომასაც და საჭიროა სტრატეგიის განსაზღვრაც. თუკი მუნიციპალიტეტები ამ უფლებამოსილებას ვერ ახორციელებენ, ამოვიღოთ მაშინ კოდექსიდან ეს მათი უფლება და ვიფიქროთ ახლებურად ამ პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეს საკითხი, როგორც ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი საკითხი მუდმივად ზედაპირზეა, ითხოვს გადაწყვეტას, ითხოვს სახსრებს, ეფექტურ პოლიტიკას. ჩვენ ვხედავთ, რომ აქ არის ხარვეზები, მიმაჩნია, რომ კანონით განსაზღვრული რესურსების ეფექტურად გამოყენებაზეც უნდა ვილაპარაკოთ. ჩვენ ალბათ მოგვიწევს, რომ სადისკუსიო სივრცეში მუნიციპალიტეტებთან ერთად დავიწყოთ ამ საკითხზე მუშაობა, ” – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ მეტი ქმედითი მუშაობაა საჭირო, რადგან 21-ე საუკუნეში ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება მოსახლეობის წყალმომარაგების საკითხი.

მომხსენებელმა და უწყებების წარმომადგენლებმა დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხეს.

დღევანდელ სხდომაზე ზაზა გაბუნიას ინიციატივით, უსახლკაროთა საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფს შექმნის საკითხზეც იმსჯელეს.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოში ადამიანების სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესწავლის მიზნით იქმნება თემატური მოკვლევის ჯგუფი, რომელიც შეისწავლის საქართველოში ადამიანების საცხოვრისით უზრუნველყოფის მიმართულებით არსებულ ვითარებას და იმას თუ რა ღონისძიებები ხორციელდება ქვეყანაში ამ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ჯგუფის მიზანია, ასევე, გამოკვეთოს ამ მიმართულებით არსებული ხარვეზები, რისი გამოსწორებაც ხელს შეუწყობს სახელმწიფოს მწყობრი პოლიტიკის ჩამოყალიბებას ადამიანების საცხოვრისით დაკმაყოფილების მიმართულებით.

თემატური მოკვლევის ბოლოს, მოკვლევის ჯგუფი შეიმუშავებს დასკვნასა და დასკვნიდან გამომდინარე რეკომენდაციების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტის ბიუროს.

კომიტეტმა წარმოდგენილ ინიციატივას მხარი დაუჭირა.

კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტი “საქართველოს ორგანულ კანონში “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” ცვლილების შეტანის შესახებ”.

პროექტის შესაბამისად თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ “სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი” შეუერთდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს”. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა ბოხუას განმარტებით, ხდება ორი სუბიექტის შერწყმა და ერთი მენეჯმენტის ქვეშ მოქცევა, რაც უფრო მოქნილსა და ეფექტურს გახდის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისის მიწოდებას.

კომიტეტმა წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები