მარიამ ჯაში: რუმინეთის პარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ გზას

მაღალი რანგის ყველა შეხვედრამ დაადასტურა, რომ რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ გზას, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა, რუმინეთში ვიზიტისას განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ მარიამ ჯაშის, ისკო დასენისა და სიმონ ნოზაძის წარმომადგენლობით რუმინეთის სენატსა და დეპუტატთა პალატაში მაღალი რანგის შეხვედრები გამართა.

“რუმინეთის პარლამენტში გამართულ შეხვედრებზე განვიხილეთ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და მასმედიის მიმართულებებით მოქმედი კანონმდებლობა და კონკრეტული ინიციატივები. მაღალი რანგის ყველა შეხვედრამ დაადასტურა, რომ რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ გზას. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს საქართველოს პარლამენტში რუმინეთთან მეგობრობის ჯგუფი, რომელსაც ბატონი ისკო დასენი ხელმძღვანელობს, ” – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

შეხვედრებზე რუმინულმა მხარემ დაადასტურა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერა და ორ ქვეყანას შორის მზარდი ეკონომიკური, ტურისტული და კულტურული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად ხელშეწყობის მიზნები.

“საქართველო-რუმინეთის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ამ ნიშნულზე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროები ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სტრატეგიულ დონეზე აყვანას გეგმავენ, ” – აღნიშნავს ისკო დასენი.

სენატი და დეპუტატთა პალატა მხარს დაუჭერს ქართველი სტუდენტების რუმინეთში სწავლისათვის უფრო მეტი შესაძლებლობების შექმნას და თბილისში რუმინული კულტურის ინსტიტუტის გახსნაზე დიალოგი დაიწყება.

“რუმინეთთან 300 წლის კულტურული ურთიერთობა აკავშირებს საქართველოს. აღნიშნული ვიზიტით ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, თუ რაოდენ აფასებს რუმინელი ხალხი და ეკლესია ქართველი მოწამის – ანთიმოზ ივერიელის ღვაწლს. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება” – აცხადებს სიმონ ნოზაძე.

საქართველოს დელეგაცია შეხვდა დეპუტატთა პალატის განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეს სორინ მიხაი კიმპეანუს; სენატის განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეს ლივიუ მარიან პოპის; რუმინეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ვიცეპრეზიდენტს ლასლო-ოდონ ფეჟერს; ეკონომიკური პოლიტიკის, რეფორმებისა და პრივატიზაციის კომისიის მდივანს ჯორჯ გაბრიელ ვისანს, თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის წევრს კორნელიუ მუგურელ კოზმანჩიუსს და სენატის კულტურის, ხელოვნებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების კომიტეტის თავმჯდომარეს ლუჩიან რომაშკანუს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები