ნინო ლომჯარია: საქართველოში სუიციდის მიმართულებით არსებული სტატისტიკა საკმაოდ შემაშფოთებელია

საქართველოში სუიციდის მიმართულებით სტატისტიკა საკმაოდ შემაშფოთებელია, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში“ მიმდინარეობას.

“ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის წლევანდელი ფოკუსი სუიციდის პრევენციაა. საქართველოში სუიციდის მიმართულებით არსებული სტატისტიკა საკმაოდ შემაშფოთებელია, 2018 წელს სუიციდის 389 და სუიციდის მცდელობის 477 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის 6 თვის განმავლობაში 219 ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა, 207 კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. ამ ფონზე, სახელმწიფო ფაქტობრივად არ ახორციელებს პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებებს. დღემდე არ დამტკიცებულა სუიციდის პრევენციის პროგრამა, რომლის დამტკიცებაც და განხორციელებაც ჯერ კიდევ 2016 წლისთვის იყო განსაზღვრული სახელმწიფოს სამოქმედო გეგმით”,- აღნიშნა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებს სათანადო ყურადღება უნდა დაუთმოს.

“ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, დროული გამოვლენა, მკურნალობა და რეაბილიტაცია თანაბრად პრობლემურია ბავშვებსა და ზრდასრულებში. ჩვენი სახელმწიფოს განვითარების ამ ეტაპზეც კი, როდესაც ჯანმრთელობის დაცვა ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოვაცხადეთ, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ სათანადო ყურადღება არ დაუთმო ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებს, ვერ გაიაზრა არსებული რისკები, არ გადადგა ქმედითი ნაბიჯები მათი პრევენციისთვის,“ – განმარტა სახალხო დამცველმა.

ლომჯარიას თქმითვე, მოქმედ დიდ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებული პირებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად გარკვეული ნაბიჯების გადადგმაა მნიშვნელოვანი.

“დეინსტიტუციონალიზაცია არის ის უმნიშვნელოვანესი მიზანი, რომლისკენაც უნდა ვიმოძრაოთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სახელმწიფოს, უმოკლეს ვადებში გადადგას ეფექტიანი ნაბიჯები დეინსტიტუციონალიზაციის პროცესისა და თემზე დაფუძნებული მომსახურებების განვითარების ხელშესაწყობად. მათ შორის, თემზე დაფუძნებული მცირე საცხოვრისების მოსაწყობად ქალაქებში, სადაც ხელმისაწვდომი იქნება ცხოვრებისთვის აუცილებელი ყველა პირობები და ხელი შეეწყოს ბენეფიციარების საზოგადოებაში ინტეგრაციას. მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ, აუცილებელია გადავდგათ გარკვეული ნაბიჯები, რათა მოქმედ დიდ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებული პირები ღირსეულ პირობებში გვყავდეს, – განაცხადა ლომჯარიამ.

10 ოქტომბერს მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეს აღნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები