მსახიობი ეკა ჩხეიძე პირადი უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს – რა განმარტებას აკეთებს შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მსახიობ ეკა ჩხეიძის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა მსხვერპლების დასაცავად შემაკავებელი ორდერის აღსრულების მექანიზმად სამაჯურის გამოყენების შესახებ ძალაში ჯერ არ შესულა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა მსხვერპლების დასაცავად შემაკავებელი ორდერის აღსრულების მექანიზმად სამაჯურის გამოყენების შესახებ ძალაში ჯერ არ შესულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის აღნიშნულ საკითხზე, მათ შორის მსახიობ ეკა ჩხეიძის საქმესთან დაკავშირებით შედგა კომუნიკაცია.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს განემარტა რა ეტაპზეა საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა, თუმცა ცალკეული ჯგუფების მიერ თემის არასწორი ინტერპრეტაციით ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მსახიობი ეკა ჩხეიძე მისი პირადი უფართხოების გარანტიას ითხოვს. მის მიმართ ქორწინების იძულების ბრალდებით დაკავებული მამაკაცი რამდენიმე დღის წინ სასამართლოს გადაწყვეტილებით, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მსახიობი მიიჩნევს, რომ მას საფრთხე ემუქრება და სამაჯური, რომელიც შესაძლოა, ბრალდებულს დაუმაგრონ, არ არსებობს.

ცნობისთვის, მსახიობ ეკა ჩხეიძის მიმართ ქორწინების იძულების ბრალდებით სამართალდამცავებმა 56 წლის მამაკაცი 28 სექტემბერს დააკავეს. მას სასამართლომ აღკვეთის ღინისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქორწინების იძულებას გულისხმობს.

როგორც სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ საკუთარ შუამდგომლობაში განაცხადა, დაკავებული 2 წელია, რაც მსახიობ ეკა ჩხეიძეს იცნობს და მას პერიოდულად სტუმრობდა სახლთან, სამსახურთან და სთხოვდა ქორწინებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მას ემუქრებოდა, რომ თავს მოიკლავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები