პაატა კვიჟინაძე: მისასალმებელია, რომ 2019 წლის ბიუჯეტში შესული ცვლილება სოციალურ საკითხებს მოხმარდება

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პაატა კვიჟინაძის შეფასებით, 2019 წლის ბიუჯეტში შესული ცვლილება ჩვეულებრივი პროცესია, თუმცა მისასალმებელია, რომ თანხები წავიდა სოციალურ საკითხებზე და ქვეყნის განვითარებაზე.
თემასთან დაკავშირებით კვიჟინაძემ „კვირასთან“ ისაუბრა.
„2019 წლის ბიუჯეტის ცვლილება გუშინწინ შემოვიდა, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რაც პრაქტიკულად ყოველ წელს ხდება. ყოფილა წლები, როდესაც სამჯერ და ოთხჯერ შესულა ცვლილება ბიუჯეტში, რაც კარგია იმ გაგებით, რომ შემოსულობები იზრდება 92 მილიონით, ანუ ქვეყანა უფრო მეტ შემოსავალს იღებს, ვიდრე ელოდა, ასევე ხარჯები იზრდება 223 მილიონით. თანხების დიდი ნაწილი მიმართული იქნება სოციალურ სფეროზე, კერძოდ, 130 მილიონი არის გამოყოფილი ინფრასტრუქტურის სამინისტროზე, რეგიონალური განვითარების ფონდში, რომელიც მოხმარდება გზების, წყალმომარაგების და სხვადასხვა სოციალური თუ საყოფაცხოვრებო ობიექტებს, რაც რგიონისთვის  ძალიან მნიშვნელოვანი.
20 მილიონი გამოიყოფა დევნილებისთვის სახლების შესყიდვისთვის. ხოლო განათლების მიმართულებით გადანაწილებული თანხები ხელფასებს მოხმარდება- დანარჩენი თანხები სხვადასხვა სექტორებზე გადანაწილდება. მისასალმებელია, რომ მოიძებნა საშუალება და მეტი თანხები წავიდა სოციალურ საკითხებზე და ქვეყნის განვითარებაზე. ყველა ის ძირითადი პარამეტრი, რომლითაც ბიუჯეტი ფასდება ფინანსისტების და სპეციალისტების მიერ, ნორმაში რჩება. ვგულისხმობ ეკონომიკური ზრდას, რომელიც როგორც იყო დაგეგმილი ისე რჩება, თუმცა ამ წუთში უფრო მეტია. ბიუჯეტის დეფიციტი რჩება იშვიათად დაბალ დონეზე, არასოდეს არ ყოფილა ასეთი დაბალი დონე – 2.4, ცენტრალური ბანკის რეზერვები კი 4 მილიარდია“,- განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
კვიჟინაძემ ასევე ოპონენტების იმ ბრალდება უპასუხა, რომლის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტის დაფინანსება 2 მილიონით გაიზარდა.
მისი თქმით, პრეზიდენტის ამჟამინდელი ბიუჯეტი ბევრად ნაკლებია, ვიდრე ის წინამორბედი ადმინისტრაციების დროს იყო.
„ოპონენტები აპელირებენ რომ  პრეზიდენტის დაფინანსება 6 მილიონიდან 8 მილიონამდე გაიზარდაო. თუ შევადარებთ წინა პრეზიდენტებს, მაგალითად სააკაშვილს 50 მილიონი ჰქონდა სარეზერვო ფონდში, დაახლოებით 20 მილიონი კი ჩვეულებრივად მასზე გამოყოფილი თანხა –  ანუ 70 მილიონს ვკარგავდით. თუ შევადარებთ 6 მილიონს, ეს 10-ჯერ მეტია. რაც შეეხება მარგველაშვილს, მის ადმინისტრაციას ჰქონდა გამოყოფილი 14 მილიონი და 5 მილიონი სარეზერვო ფონდში, სულ 19 მილიონი. ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ პრეზიდენტს უფლებები შეეკვეცა, რამაც გამოიწვია გონივრულად მისი ბიუჯეტის შემცირება. რაც შეეხება 2 მილიონით გაზრდის ფაქტს- ბიუჯეტი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე იყო მიღებული და მაშინვე ითქვა, რომ შესაძლებელია მასში ცვლილება შესულიყო, რადგან პრეზიდენტი მაშინ არ იყო ჩამოყალიბებული, ვინ დატოვებდა ადმინისტრაციას, რა თანხა დასჭირდებოდა სხვა ხარჯებისთვის და ასე შემდეგ“, – განმარტა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები