ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა 2.51 %-ით გაიზარდა
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა აგვისტოში ივლისთან შედარებით 214.05 მლნ ლარით (0.73%-ით) გაიზარდა და (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.99%-ით) 1 სექტემბრისათვის 29.56 მლრდ ლარი შეადგინა.
სები-ს მონაცემებით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 319.10 მლნ ლარით (2.51%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 105.04 მლნ ლარით (0.63%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.18%-ით).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2019 წლის აგვისტოს ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.00 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.26%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 9.66 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.69%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.16%-ით მეტი).
აგვისტოს განმავლობაში 0.16%-ით, ანუ 23.57 მლნ ლარით, გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 15.13 მლრდ ლარი შეადგინა.
1 სექტემბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.14 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია გაიზარდა 0.77 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.65 პროცენტული პუნქტით).