საქართველოსა და შვეიცარიას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო

საქართველოსა და შვეიცარიას შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. ცოტა ხნის წინ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან შვეიცარიის ქალაქ ბაზელის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შესრულდა. აქამდე შვეიცარიასა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ სრულდებოდა. ტრადიციულად პირველი რეისის, როგორც ჩამომფრენ ისე გამფრენ მგზავრებს, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში სიმბოლური საჩუქრები – ქართული ღვინო და შოკოლადები დაურიგდათ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 10 სექტემბრიდან ავიაკომპანია Wizz Air-მა ეტაპობრივად 7 ახალი მიმართულებით: ბაზელში, ბრიუსელში, კოპენჰაგენში, ეინდჰოვენში, ბარისა და პოზნანში დაიწყო პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელება.
აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის საქართველოდან შვეიცარიაში, ესტონეთსა და დანიის სამეფოში პირდაპირ საჰაერო მიმოსვლა არ სრულდებოდა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის ბაზაზე, რიგით მესამე თანამედროვე, AIRBUS A 320 ტიპის საჰაერო ხომალდმა დაიწყო ოპერირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ რეისებზე ეკიპაჟი მთლიანად ადგილობრივებისგან იქნება დაკომპლექტებული.
ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 2016 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რეგიონში ავიაკომპანია ვიზეარის პირველი ბაზა გაიხსნა. 2017 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ვიზეარის მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი და ევროპის 5 ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება დაემატა. 2018 წელს ვიზეარმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის 95 % გადაიყვანა ( 587,643 მგზავრი) და საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველად, ვიზეარი ბაზრის ლიდერი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები