ციხელაშვილი ზახაროვას პასუხობს: მისი მოწოდებები ცინიკურია

სერიოზულად საუბარი რაიმე დამოუკიდებლობასა და იმაზე, რომ დემოკრატია შედგა, არც შეიძლება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდგომარეობა მძიმეა. მათი დამოკიდებულების ხარისხი სწორედ რუსეთზე, იმ ძალაზე, რომელიც იქ ეფექტურ კონტროლს ახორციელებს, ძალიან მაღალია – ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას გუშინდელ განცხადებას.
როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, ამ მოცემულობაში, როდესაც ორივე რეგიონი ფაქტობრივად ალყაშემორტყმულია მავთულხლართებით, ახლაც, სრულად შეზღუდულია გადაადგილება ცხინვალის მიმართულებით და ოჯახები გაყოფილია, მოწოდებები რომ იქ ჩავიდნენ და ვითარება საკუთარი თვალით ნახონ, ცინიკურია.
“თუ საუბარი ჩასვლაზეა, იქ ადამიანის უფლებების, უსაფრთხოების ის საერთაშორისო მექანიზმები უნდა ჩაუშვან, რომლებსაც წლების განმავლობაში არ აქვთ წვდომა. საერთოდ, დავიწყოთ იმ ოჯახებით, რომლებიც გაყოფილები არიან და მშობლები შვილებს ვერ ნახულობენ. უზრუნველყოფილი უნდა იქნას ადგილობრივების თავისუფალი გადაადგილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენს პარტნიორებს უნდა ჰქონდეთ ამ რეგიონებში წვდომა, სადაც ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული ვითარება კრიტიკულად მძიმეა“,-განაცხადა ციხელაშვილმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, „აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჩამოყალიბდნენ“.
ამის შესახებ ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ბოლო დროს დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა, ანალიტიკოსებმა და ზოგადად მედიამ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით უამრავი განცხადებები გააკეთეს, რაც მოსკოვის მხრიდან პასუხს საჭიროებს.
მისი თქმით, ფაქტია, რომ „საქართველოს იარაღით ამარაგებენ, ცდილობენ სამხედრო ბლოკებში ჩაითრიონ. ამასთან, ვაშინგტონსა და ბრიუსელში აცხადებენ, რომ ყველაფერი ეს ამ ქვეყნის და ზოგადად რეგიონის სტაბილურობაზე ზრუნვით არის გამოწვეული. მუდმივად საუბრობენ რუსეთის ოკუპაციაზე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები