კახა კუჭავა: კომიტეტში რამდენიმე კანონპროექტის განხილვამ წყლის კოდექსის მიღების აუცილებლობის წინაშე კიდევ ერთხელ დაგვაყენა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა უძღვებოდა, კანონპროექტების განხილვასთან ერთად, სარატიფიკაციო დოკუმენტებსა და საკანონმდებლო წინადადებებზე იმსჯელეს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძე კომიტეტის წევრებს სარატიფიკაციო დოკუმენტები წარუდგინა. კერძოდ, „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების (ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა)” ცვლილება ნომერ ოთხი” და „საქართველოსა და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD)შორის სასესხო შეთანხმება (ენერგომომარაგების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტი)”.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, პროექტის – „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა” – მიზანია ეკონომიკური მართვისა და ხელმძღვანელობის გაუმჯობესება, გლობალური ბიზნეს სტანდარტების საყოველთაო დანერგვა, სამიზნე სექტორებში კონკურენტუნარიანობის გაზრდა, საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტურად მართვა და მარალი კომპეტენციის, ბაზარზე ორიენტირებული სამუშაო ადგილების შექმნა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები შემდეგი ექვსი მიმართულებით: კონფლიქტების შემსუბუქება და შერიგება; განათლება; ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა; გარემო.
საგრანტო შეთანხმება ნომერ ოთხს ხელი 2019 წლის 7 მაისის მთავრობის განკარგულებისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე 14 მაისს მოეწერა და იგი ითვალისწინებს არსებული საგრანტო თანხის გაზრდას 29,152,000 აშშ დოლარით, ანუ 61,693,675 აშშ დოლარიდან 90,845,675 აშშ დოლარამდე. შესაბამისად იზრდება საქართველოს მხრიდან თანამონაწილეობის თანხაც. საგრანტო შეთანხმების ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობების დასასრულებლად, აღნიშნული მეოთხე ცვლილებით ასევე წარმოდგენილია პროექტის დასრულების თარიღის გაგრძელება 2025 წლის 30 სექტემბრამდე. მიმართულებები კი ამ ეტაპზე კვლავ იგივე რჩება. არსებული საგრანტო თანხის გაზრდასთან ერთად იცვლება პროექტის ფარგლებში დაგეგმილი განსახორციელებელი აქტივობებისათვის გამოყოფილი თანხის ოდენობებიც.
რაც შეეხება ენერგომომარაგების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტს, იგი ითვალისწინებს შემდეგი კომპონენტების განხორციელებას: ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერებას, რაც მოიცავს ჯვარი-წყალტუბოს 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის და წყალტუბოს 500/220 კვ ქვესადგურის მშენებლობას; პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის ფინანსურ გაჯანსაღებას და კაპიტალის ბაზრებთან წვდომის უზრუნველსაყოფად მოსამზადებელ სამუშაოებს.
პროექტის განსახორციელებლად IBRD-მა საქართველოს გამოუყო სესხი 62 მლნ ევროს ოდენობით. სესხის ხანგრძლივობა 25 წელი, მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 14 წელი. პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღია 2014 წლის 31 დეკემბერი და მას ახორციელებს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ენუქიძემ I მოსმენით განსახილველად „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი გამოიტანა.
​აღნიშნული პროექტის მიხედვით, უნდა შეიქმნას სამართლებრივი მექანიზმი იმისათვის, რომ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და ფარგლებში, ლიცენზია მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვებისათვის გაიცეს პირდაპირი წესით. წყალმომარაგებისათვის მტკნარი წყლით სარგებლობის ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემის მიზანს წარმოადგენს აუქციონთან დაკავშირებული გართულებული პროცედურების თავიდან აცილება, რათა წყალმომარაგების საქმიანობის ლიცენზიის მფლობელ კომპანიებს არ შეექმნას ბარიერი წყალმომარაგების ლიცენზიის მიზნებისათვის მტკნარი წყლის მოპოვება/სარგებლობაში. ასევე, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფარგლებში არსებული მტკნარი წყლის მოპოვება/სარგებლობისათვის გამარტივებული წესის შემოღება, რათა მოხდეს რესურსის ეფექტური გამოყენება სამეწარმეო მიზნით. ამ შემთხვევაში დამატებით პირობად განსაზღვრულია წყლითსარგებლობის წლიური ზედა ზღვარი 5 000 კუბური მეტრის მოცულობით.
​კომიტეტმა ასევე პირველი მოსმენით, ზოგადი პრინციპების დონეზე განიხილა კანონპროექტები: „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ” და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, რომლებიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა წარადგინა. მან დეტალურად ისაუბრა იმ წინაპირობებზე, რამაც გამოიწვია კანონპროექტების მომზადება. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვნად შემცირებულია წყალუზრუნველყოფილი ფართობები, ამიტომ დღის წესრიგში დადგა ამ საკითხის საკანონმდებლო დონეზე მოგვარების აუცილებლობა. მაგალითად, თუ გასულ წლებში საირიგაციო სისტემებით ირწყვებოდა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწების თითქმის ნახევარი მილიონი ჰა., 2017 წელს სარწყავი ფართობი ამ რიცხვის მეხუთედამდე იყო შემცირებული და ფაქტიურად მოირწყა მხოლოდ 47,700 ჰა. წყალუზრუნველყოფილი ფართობის შემცირების პარალელურად, მკვეთრად შემცირდა სასოფლო-სამეურნეო წარმოება და პროდუქტიულობა. შესაბამისად, კანონპროექტის მიღების მიზეზია ეფექტიანი სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის საჭირო პირობების შექმნა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა.
​როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს ნიადაგის ნაყოფიერებისა და მოსავლიანობის გაზრდის მიზნით სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია, მოდერნიზაცია, ტექნიკური დონის ამაღლება და მისი ეფექტიანი ფუნქციონირების ტექნოლოგიური და ორგანიზაციული სრულყოფა, მიზანშეწონილი გახდა თანამედროვე მიდგომების და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ახალი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონის შემუშავება. წარმოდგენილი კანონი დაარეგულირებს ირიგაციის სფეროში წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების საქმიანობასა და ურთიერთობას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან და სახელმწიფო ორგანოებთან.
სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს კანონპროექტები: „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების” შესახებ”, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”, რომლებიც ენერგეტიკული რეფორმებისა და პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ზაზა ჩიხრაძემ გამოიტანა. მისი თქმით, კანონპროექტის მთავარ მიზანს ენერგეტიკის სფეროში თავისუფალი საბაზრო პრინციპების დამკვიდრება წარმოადგენს, ამასთანავე, გარდა ელექტროენერგეტიკისა და გაზმომარაგებისა, იგი სასმელი წყლის სისტემის ექსპლოატაციის რეგულირებასაც ითვალისწინებს.
კახა კუჭავას განცხადებით, სხდომაზე წყლის საკითხთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვამ კიდევ ერთხელ დაგვაყენა წყლის კოდექსის მიღების აუცილებლობის წინაშე.
​კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ასევე იმსჯელა მოქალაქეთა პეტიციებზე: „საცირკო წარმოდგენებში ცხოველების მონაწილეობის აკრძალვის თაობაზე” და „ცხოველის საჯარო სივრცეში მოკვლის, მათ შორის, მსხვერპლშეწირვის აკრძალვასთან დაკავშირებით”.
​პირველი პეტიციის ხელმომწერნი საცირკო წარმოდგენებში როგორც გარეული, ისე შინაური ცხოველების გამოყენების საკანონმდებლო დონეზე აკრძალვას ითხოვენ და ამ მიზნით პარლამენტს წარუდგინეს ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც, მათი აზრით, უნდა მოხდეს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. მეორე პეტიციის ხელისმომწერნი კი პროტესტს გამოთქვამენ საქართველოში ცხოველის საჯარო სივრცეში დაკვლის არსებული პრაქტიკის, მათ შორის, მსხვერპლშეწირვის რელიგიური რიტუალების თაობაზე, რომელსაც ადგილი აქვს სხვადასხვა დღესასწაულზე და პარლამენტისგან ამ საკითხის საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტას ითხოვენ.
​კახა კუჭავას განცხადებით საკითხები საინტერესოა, მაგრამ უფრო მეტ მსჯელობას და დახვეწას საჭიროებს. შესაბამისად, კომიტეტმა წარმოდგენილ პეტიციებს მართალია მხარი არ დაუჭირა, მაგრამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ საკითხებზე, აღმასრულებელი ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და საკითხებზე მუშაობა გაგრძელდება.
​კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტების და კანონპროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები