რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონპროექტი განიხილა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია უძღვებოდა, დეპუტატებმა რამდენიმე კანონპროექტი და სარატიფიკაციო დოკუმენტი განიხილეს.
​საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი კახიანის, გურამ მაჭარაშვილის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას და შალვა კიკნაველიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” და “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, კომიტეტის წევრებს კანონპროექტის ერთერთმა ინიციატორმა, გურამ მაჭარაშვილმა წარუდგინა.
​როგორც მომხსენებელმა განმარტა, წარმოდგენილი ცვლილებით დაზუსტდება სახელმწიფო მოსამსახურის ცნება, ამასთან, აღმოიფხვრება კანონის მოქმედ რედაქციაში არსებული ბუნდოვანება კონკრეტული პირების სტატუსთან დაკავშირებით. დღეის მდგომარეობით, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა უმრავლესობა პროფესიული საჯარო მოხელის პოზიციებს იკავებს, თუმცა მათ მიერ შესასრულებელი ფუნქცია-მოვალეობები განსხვავდება პროფესიული საჯარო მოხელის მიერ შესასრულებელი ფუნქციებისგან, რომელიც საჯარო დაწესებულების ძირითადი მიზნების შესრულებას უნდა ემსახურებოდეს. მერის წარმომადგენელთა საქმიანობა მიზანშეწონილია დაექვემდებაროს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასასაქმებელ პირთა კატეგორიას, ვინაიდან მერის, როგორც აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის და მუნიციპალიტეტის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილება ვრცელდება მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის მუნიციპალიტეტის შემადგენელ ადმინისტრაციულ ერთეულებში და პასუხიმგებელია მერიის პოლიტიკის გატარებაზე მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.
კომიტეტმა წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი იმ დათქმით დაუჭირა, რომ რიგ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელდება, მათ შორის, სახალხო დამცველის ოფისთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა წარადგინა.
პროექტი მიზნად ისახავს ელექტროენერგიის იმპორტის (გარდა ბაზრის ოპერატორის მიერ განხორციელებული იმპორტისა) სატარიფო რეგულირებიდან გათავისუფლებას, რათა იმპორტიორებს შეეძლოთ თავისუფალ რეჟიმში შესაბამის კონტრაქტორთან შეთანხმებული ფასით განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი. გამონაკლისი იქნება ბაზრის ოპერატორის მიერ განხორციელებული იმპორტი რომელზეც დარჩება სატარიფო რეგულირება.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, კანონპროექტის მიღებით კერძო იმპორტიორებისთვის შეიქმნება მხარეთა შორის შეთანხმებული თავისუფალი ფასით ვაჭრობის შესაძლებლობა.
​დავით თვალაბეიშვილმა წარადგინა, ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ,,განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ” საქართველოს კანონისპროექტი.
​მისი განმარტებით, პროექტის მიზანია შექმნას განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის ხელშეწყობის, წახალისებისა და გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები და დაადგინოს სავალდებულო სამიზნე მაჩვენებლები განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის საერთო წილისთვის ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში, მათ შორის ტრანსპორტის სექტორში. გარდა ამისა, კანონპროექტი მიზნად ისახავს, ადგილობრივი რესურსების მაქსიმალურად გამოყენებით უზრუნველყოს მომხმარებლების სრული დაკმაყოფილება და შეამციროს ელექტროენერგიის იმპორტი.
კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს შიდა კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვა ევროპულ კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან.
მომხსენებლებმა კანონპროექტების ირგვლივ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და შესაბამისი განმარტებები გააკეთეს. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა განხილულ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა.
კომიტეტმა, დღესვე, მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ დოკუმენტებს.
– ,,საქართველოსა და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო12Q)”
– ,,2016 წლის 28 მარტის ,,საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო ხელშეკრულების (ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტი)” პირველი ცვლილების წერილ-შეთანხმება.
– ,,საქართველოსა (საქართველოს მთავრობა) და საფრანგეთის მთავრობას შორის 2011 წლის 7 ოქტომბრის ფინანსური პროტოკოლის” N4 ცვლილების წერილ-შეთანხმება”.
– ,,2016 წლის 9 დეკემბრის ,,საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველო სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტი)” ცვლილების წერილ-შეთანხმება”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები