თამარ ტალიაშვილი: ევროსაბჭოს კონგრესზე ევროპის კულტურულ ტრანსნაციონალურ მარშრუტებში საქართველოს ინტეგრაციის შესახებ ვიმსჯელებთ

ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტმა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, თამარ ტალიაშვილმა სტრასბურგში ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, თამარ ტალიაშვილი მონაწილეობდა განხილვაში, რომელზეც შეთანხმდნენ, რომ ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის 37-ე პლენარულ სხდომაზე, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება მოხსენება საქართველოს კულტურული მარშრუტების შესახებ. განხილვის მიზანი ევროპის კულტურულ ტრანსნაციონალურ მარშრუტებში საქართველოს ინტეგრაციაა. აღნიშნულ თემაზე მოხსენებით საქართველოს კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ლევან ხარატიშვილი გამოვა.
საქართველო ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმების (Enlarged Partial Agreement) წევრი სახელმწიფო 2016 წელს გახდა. მისი მიზანია სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის წარმოჩენა საერთო კულტურული მემკვიდრეობის ჭრილში, აგრეთვე კულტურის სფეროში თანამშრომლობა, ახალი მარშრუტების აღმოჩენა და ტურისტული გამოცდილების გაზიარება.
გარდა ამისა, თამარ ტალიაშვილი სხდომაზე კონგრესის წესებსა და პროცედურებში შესატანი ცვლილებების შესახებ მოხსენებით გამოვიდა. წარდგენილი ცვლილებები მიზნად ისახავს კონგრესის წესებისა და პროცედურების მეტ გამჭვირვალობას. როგორც სხდომაზე აღინიშნა, საკითხის კენჭისყრა კონგრესის 37-ე სესიაზე მიმდინარე წლის ოქტომბერში მოხდება. თამარ ტალიაშვილი მონაწილეობდა ასევე ევროსაბჭოს კონგრესის სოციალისტთა პოლიტიკური ჯგუფის სხდომაში.
კონგრესის ბიუროს წევრებმა სხდომაზე ასევე იმსჯელეს 2021-2024 წლების კონგრესის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომლებმაც უნდა უპასუხონ ევროსაბჭოსა და მისი წევრი ქვეყნების დღის წესრიგში არსებულ გამოწვევებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები