ნინო ლომჯარია: ჩვენმა მეგობრებმა საკუთარი თვალით ნახეს, როგორ იქცევიან ზოგიერთები, როდესაც რუსულ გავლენებთან ვიწყებთ ქართველები მსჯელობას

თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე მომხდარ დაპირისპირებას, რომელიც “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის, გამოჩენას მოჰყვა, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“მე ვფიქრობ, კარგი რამ მოხდა, კონფერენციის თეორიულ დისკუსიას “პრაქტიკული სავარჯიშო” შეემატა და ჩვენმა მეგობრებმა საკუთარი თვალით ნახეს, როგორ იქცევიან ზოგიერთები, როდესაც რუსულ გავლენებთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლასა და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე ვიწყებთ ქართველები მსჯელობას, როდესაც, როგორც იქნა, ჩვენმა გავლენიანმა პარტნიორებმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის რეალურ პერსპექტივებზე დაიწყეს მსჯელობა… აქვე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, “კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.”, – წერს ნინო ლომჯარია.
„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი, თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „ფრიდომ ჰაუსის“ ყოფილ დირექტორსა და მაკკეინის ინსტიტუტის ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელს დევიდ კრამერს დაუპირისპირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები