46 წლის ედიშერი საწოლსაა მიჯაჭვული – ჭაავების ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება

“ეს ტრაგედია 5 წლის წინ მოხდა. ჩემი სრულიად ჯანმრთელი შვილი უცებ შეუძლოდ გახდა და მას შემდეგ საწოლსაა მიჯაჭვული. მთელი ეს წლები არ ვაკლებდი მას ყურადღებას და ზრუნვას, მაგრამ უკვე გამომელია ძალა, ხოლო მატერიალური სიდუხჭირე ჩვენს ყოფას აუტანელს ხდის“, – ამბობს ტატიანა ჭაავა.
70 წლის ხანდაზმული ქალი სასოწარკვეთაშია ჩავარდნილი, რადგან ვერ ხედავს გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან. მისი შვილი, 46 წლის ედიშერი, საწოლსაა მიჯაჭვული. “ჩერნოვეცკის ფონდის” ინფორმაციით, მას დაზიანებული აქვს თირკმლები, ღვიძლი, ხოლო სხეული სრულად პარალიზებულია.
„ედისერს ხელის აწევაც კი არ შეუძლია, წევს ასე უმოძრაოდ და განიცდის მის მდგომარეობას, იმდენად განიცდის, რომ გული მიკვდება მისი შემხედვარე…“, – გვიყვება ტატიანა ჭაავა.
დედა-შვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ცხოვრობს. ისინი ერთ პატარა ხის სახლში არიან შეყუჟულნი, სადაც საშინელი საცხოვრებელი პირობებია: არ არის წყალი, ავეჯი ამორტიზირებულია, კედლები – დაბზარული, ხოლო სახურავიდან წვიმა ჩამოდის. ჩვენ რამდენიმე შეკითხვა დავუსვით ტატიანა ჭაავას:
-გვიამბეთ თქვენი შვილის შესახებ, რა შეემთხვა მას?
ტატიანა ჭაავა: ედიშერი წლების განმავლობაში თხილის ფერმაში მუშაობდა, შოულობდა, ასე ვთქვათ, პურის ფულს. ყოველ შემთხვევაში, არ გვიჭირდა. ძალიან შრომისმოყვარე ბიჭი იყო, მეგობრული და მშვიდი ხასიათის. რამდენიმე წლის წინ მას ქვები აღმოაჩნდა თირკმელში, მკურნალობამ ვერ უშველა. საშინლად იტანჯებოდა, წვალობდა და სამუშაოზე წასვლა არ შეეძლო. ბოლოს რაღაც „სოფლის წამალი“ დალია, რამაც ახალგაზრდა კაცი საწოლს მიაჯაჭვა.
-მაინც რა მოხდა?
ტატიანა ჭაავა: წამლის დალევის შემდეგ ცუდად გახდა, თავბრუ დაეხვა და გონება დაკარგა. მას შემდეგ ფეხზე ვერ დგება.
-უმოძრაო მდგომარეობაშია უკვე 5 წელი და ამის გამო წონაში მოიმატა, არა?
ტატიანა ჭაავა: სიმსუქნის მეოთხე სტადია აქვს. ეს გამოწვეულია ნივთიერებათა არასწორი ცვლით. მას სპეციალური საკვები სჭირდება, მაგრამ არ მაქვს ამის საშუალება…ის კი არა, პურის ფულს ძლივს ვშოულობ… 100 ლარი გვაქვს სოციალური შემწეობა და მთელ თანხას ედიშერის წამლებს ვახმარ. როდესაც ჩემი შვილის მდგომარეობა ძალზე გართულდა, 4 წლის პენსია გამოვიტანე წინასწარ. ასე, რომ ახლა პენსიასაც არ ვღებულობ.
– არ უმჯობესდება ედიშერის მდგომარეობა?
ტატიანა ჭაავა: სამწუხაროდ არ უმჯობესდება. ღვიძლი გადიდებული აქვს, უჭირს სუნთქვა, თირკმლები ამ ხნის განმავლობაში ძლიერ დაზიანდა, საშინელი ტკივილები აქვს, ძალიან წვალობს.
-ვინმე გეხმარებათ?
ტატიანა ჭაავა: მეზობლები გვეხმარებიან შეძლებისდაგვარად. დიდი მადლობა ამ ადამიანებს, მაგრამ სოფელში ხალხი ღარიბია, ყველას უჭირს და მეც ვერიდები მათ შეწუხებას.
-ხელისუფლება არ გეხმარებათ?
ტატიანა ჭაავა: მერია დაგვპირდა სახლში გაზის უფასოდ შემოყვანას და ვნახოთ…
-თქვენი მეუღლე როდის გარდაიცვალა?
ტატიანა ჭაავა: ხუთი თვის ორსული ვიყავი, იგი ავტოავარიაში დაიღუპა. მაშინ გალის რაიონში ვცხოვრობდით მეუღლის სახლში. მერე ჩემს მშობლიურ სოფელ რუხში დავბრუნდი, ვიყიდე პატარა მიწის ნაკვეთი და ეს ხის სახლი ავაშენე.
-აქ საშინელი პირობებია…
ტატიანა ჭაავა: ნამდვილი კოშმარია. ასეთ პირობებში ავადმყოფის მოვლა ძალიან ძნელია… ამასწინათ, დიდი ქარი იყო და ხის საპირფარეშო, რომელიც ეზოში გვაქვს, ჰაერში ააფრიალა. ასე რომ, ახლა არც ტუალეტი გვაქვს…
მეგობრებო, მოდით გავუწიოთ დახმარება დედა-შვილს, მივცეთ მათ გამოჯანმრთელების შანსი, გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე. ედიშერ და ტატიანა ჭაავები საჭიროებენ მედიკამენტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, თეთრეულს.
თქვენ შეგიძლიათ პირადად მოინახულოთ ეს ოჯახი და გაუწიოთ დახმარება.
მისამართი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი რუხი, ტელ.: 592186127. კარგი იქნება თუ გააზიარებთ ამ პოსტს, რათა უფრო ბევრმა ადამიანმა წაიკითხოს და ჩაებას საქველმოქმედო აქციაში.
თანხა შეგიძლიათ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება ედიშერ კუჭავაა).
თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც https://chernovetskyifund.ge/ge/projects/507-chaava/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები