გია ვოლსკი: აბსურდული ბრალდებების მოგონებას სჯობს ბადრი ჯაფარიძემ იმ კითხვებს გასცეს პასუხი, რაზეც ედავებიან

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ” თი ბი სი ბანკის” დამფუძნებლის, ბადრი ჯაფარიძის, განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ის ვოლსკის წინააღმდეგ პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების გავრცელების გამო, სასამართლოს მიმართავს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, აბსურდული ბრალდებების მოგონებას სჯობს ბადრი ჯაფარიძემ იმ კითხვებს გასცეს პასუხი, რაზეც ედავებიან.
“ყოველთვის ვამბობდი, რომ პოლიტიკა თუ საზოგადოებრივი მოძრაობა არ არის თავშესაფარი მაშინ, როცა 17 მილიონის აორთქლებას გედავებიან. პასუხი ამაზე უნდა გასცე და არა ის, რომ ედავო ადამიანებს, რომლებსაც პოლიტიკაში შენს წინააღმდეგ გალაშქრებას აბრალებ. როცა პოლიტიკაში შემოდიხარ, საკითხებზე პასუხები უნდა გქონდეს და არა ყურადღების მიქცევის ახალი ფანდი. თუ განათლებაში 221 ათასი ლარის ჩადება უნდა, ჩადოს, ფული არ აქვს თუ რა? უნდა, კრედიტი მომცეს და შემდეგ ეს კრედიტი მის ანგარიშზე შევიტანო და იქიდან დახარჯოს ახალგაზრდების განათლებისთვის თუ სხვა ქველმოქმედებისთვის? რა უბედურებაა? რა გადაწყვიტა? – ამით ყურადღებას მიიქცევს და პოლიტიკურ ველზე პოზიციებს გაიძლიერებს? განცხადებები გააკეთოს იმაზე, რა უქნეს 17 მილიონ დოლარს, როგორი სქემით მოახერხეს გაცემა ისე, რომ მომსახურება არ იყო უზრუნველყოფილი კრედიტზე, როგორ მიიღეს საკუთარ ანგარიშზე და როგორ გადაიყვანეს, გადარიცხეს ოფშორულ ზონაში. ყოველთვის ვამბობ, სასამართლო გაარკვევს ყველაფერს, მაგრამ ვინაიდან ბრალდებაა, პასუხი ამას უნდა გასცე და არა გია ვოლსკის თუ სხვას ედავო იმისთვის, რომ ღირსება შეგილახეს, რომელიც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ფაქტია, რომ ეს ფანდია და თავიდან მოშორება უნდა მთავარი კითხვების. ედავებიან და პასუხი უნდა გასცეს. ამბობს, რომ ვინაიდან პოლიტიკაშია, აბრალებენ და აბსურდებს იგონებენ. ეს არ არის შეურაცხყოფა? თუ პოლიტიკურ ველზე ხარ, კეთილი ინებე და პასუხი გაეცი იმ საკითხებს, რაზეც გედავებიან და არა ის, რომ პირიქით, აბსურდული ბრალდებები მოიგონო,” – განაცხადა ვოლსკიმ.
​შეგახსენებთ, რომ დღეს ბადრი ჯაფარიძემ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ის პარლამენტის ვიცე-სპიკერისგან, გია ვოლსკისგან, მის მიერ გაკეთებული განცხადებების უარყოფას ითხოვს და სასამართლოს მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები