გიორგი ვოლსკი: “ნაცმოძრაობას” შეუძლია მუდმივი დესტრუქციის მოდელირებული ქრონიკის რეჟიმში ამყოფოს ქვეყანა
“ძალაუფლება არ არსებობს. ორი ვარიანტია, ერთი რომ ხალხი ამყოფო მუდმივად, ხელკეტის ქვეშ, რაც გამოვიარეთ – გაავსო ციხეები, გააუპატიურო, დაამცირო, მოკლა, და მეორე არსებობს, კიდე რესურსი, რომელიც დევს მუშაობაში, ყოველგვარი ზეწოლის და ყოველგვარი დამცირების და მით უმეტეს სიცოცხლის წართმევის გარეშე, მე მგონი მეორე რესურსით გავიმარჯვებთ”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, “ნაცმოძრაობას” დიდი ხანია დესტრუქციული რევოლუციური სცენარი დაწერილი აქვს და გახარია იქნებოდა, მამუკა ბახტაძე თუ ნებისმიერი სხვა, ამ სცენარის განხორციელებას შეეცდებოდა.
“ძალიან საინტერესო ინფორმაციები მოდის ბოლო პერიოდში საზოგადოებასთან გამართული მასობრივი შეხვედრების შედეგებიდან, მე ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი იარაღი, რომელიც ხელისუფლებას ამ შემთხვევაში გააჩნია. გარეთ რომ დღეს ათი კაცი იდგა და ამ 10 კაცის შემოშვების თემას მიეძღვნა მთელი ეს შეხვედრა, არანაირი ნიშნის მოგებით ამას არ ვამბობ, ყველა შემთხვევაში თუნდაც მაკო გომურის ამბის სპეკულაციით, ეს იქნება მოდელირებული ქრონიკა, გაგრძელება არჩევნების. მე ვფიქრობ, იმ საღამოს (გავრილოვის ღამე) ვინც იყო შეკრებილი, გაცილებით მეტია, ვიდრე “ნაციონალურ მოძრაობას” უჭერენ მხარს. გაცილებით მეტია ის ადამიანები, თუნდაც იქ მდგომი, ვინც მიხვდა რა ჭაობში ითრევდნენ, მე ასე მგონია“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, “ნაციონალურ მოძრაობას” შეუძლია მუდმივი დესტრუქციის, მოდელირებული ქრონიკის რეჟიმში ამყოფოს საზოგადოება.
გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის შენობაში მოქალაქეთა შეშვების თემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო სამი დღის მანძილზე ბევრი თხოვნა მიიღო სხდომებზე დასწრებასთან დაკავშირებით, ოპონენტების მიმართ საკმაოდ აგრესიულად განწყობილი ადამიანებისგან, მაგრამ რადგან შეზღუდვა იყო დაწესებული, ეს უნდა გავრცელებულიყო ყველაზე.
“რაც შეეხება შემოშვებას, არის ერთი პრობლემა. ბოლო სამი დღეა, რაც ეს განხილვები მიმდინარეობს, სხვაზე, ჩემს კოლეგებზე ვერ ვიტყვი, მე კი ბევრი თხოვნა, მოთხოვნა მივიღე ადამიანებისგან, რომლებიც ძალიან, ზედმეტად აგრესიულად არიან განწყობილნი ჩვენი ოპონენტების მიმართ. კარგად მოგეხსენებათ, მიზეზები ბევრი არსებობს – ძალიან მძიმედ დაშავებული, დაზარალებული ადამიანები და მათი ჭირისუფლები, მოკლულებზე ვამბობ, მაგრამ ჩვენ, იძულებული ვარ ვთქვა, რომ თუ კი დავუშვით ის, რომ შეზღუდვა მოხდეს, ამ ადამიანებსაც გავუკეთეთ შეზღუდვა. მე ვერ გეტყვით, ეს ადამიანები გულმხურვალე მხარდამჭერები არიან ქართული ოცნების თუ არა, არ ვიცი, მაგრამ საკმაოდ აგრესიულები რომ არიან ჩვენი ოპონენტების, „სირცხვილის“ ორგანიზატორების მიმართ, მიმართ ეს ვიცი“,- განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.
გიორგი ვოლსკის თქმით:
“ძალაუფლება არ არსებობს, ორი ვარიანტია, ერთი რომ ხალხი ამყოფო მუდმივად, ხელკეტიც არ მინდა ვთქვა, „დუბინკის“ ქვეშ, რაც გამოვიარეთ, გაავსო ციხეები, გააუპატიურო, დაამცირო, მოკლა, ხომ არ ვაჭარბებ, რაოდენობა, გვარებით შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, და მეორე არსებობს, კიდე რესურსი, რომელიც დევს მუშაობაში, ყოველგვარი ზეწოლის და ყოველგვარი დამცირების და მით უმეტეს სიცოცხლის წართმევის გარეშე, მე მგონი მეორე რესურსით გავიმარჯვებთ”,-აღნიშნა ვოლსკიმ.