თინა ბოკუჩავა: მაკო გომურის საშვთან დაკავშირებით ინფორმაცია „სირცხვილიას“ ორგანიზატორებისგან მივიღეთ
“ჩვენ დავეყრდენით აქცია „სირცხვილიას“ ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში და ცუდია, თუ მაკო გომურთან დაკავშირებით მოხდა ასეთი გაუგებრობა”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, მან პირადად ნახა აქციის მონაწილეები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ მათ სახელზე საშვები გაცემული იყო.
„როდესაც ფრაქციის სხდომა მიმდინარეობდა და ჯალათ გიორგი გახარიას კითხვებს ვუსვამდით, გავრცელდა ინფორმაცია აქცია „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ორგანიზატორის ფეისბუქ-გვერდზე, რომ მათ ჰქონდათ დაშვებული საშვები, მათ შორის მაკო გომურის სახელზე და მათ არ ეძლეოდათ პარლამენტის შენობაში შემოსვლის შესაძლებლობა. ასე რომ, ჩვენ დავეყრდენით აქცია „სირცხვილიას“ ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში და ცუდია, თუ მოხდა ასეთი გაუგებრობა. შემდეგ გავედი კიდეც პარლამენტის შენობის გარეთ და ვნახე აქციის მონაწილეები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ მათ სახელზე იყო გაცემული საშვები. ეს არის ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, ეს არ არის ბიძინა ივანიშვილის პირადი რეზიდენცია“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
ცნობისათვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ფრაქციის სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ, 20 ივნისს დაშავებული მაკო გომურისა და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრების დასწრება მოითხოვეს. მათი თქმით, საშვი დაშვებულია, თუმცა პარლამენტში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.
ამის შემდეგ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელდა მაკო გომურის სტატუსი, სადაც ის წერდა, რომ თბილისში არ იმყოფება და მხოლოდ ხუთი წუთის წინ გაიგო, რომ მასზე პარლამენტში საშვი ყოფილა დაშვებული. თუმცა, სტატუსი მის გვერდზე უკვე აღარ იძებნება.