„სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ნიკა გვარამისა გარდა გენერალურმა პროკურატურამ სხვა პირების ბრალეულობაც გამოავლინა.
კერძოდ, მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად გამოტანილია ახალი დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ – მას ბრალი ედება სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, აგრეთვე კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ასევე, მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების მიმართ. კერძოდ, გამოტანილია დადგენილება სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის – კახაბერ დამენიას ბრალდების შესახებ – მას ბრალი ედება სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
ასევე, გამოტანილია დადგენილება ინტერმედია პლიუსის დირექტორის – ზურაბ იაშვილის ბრალდების შესახებ – მას ბრალი ედება კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
გაცნობებთ, რომ ნიკა გვარამია, კახაბერ დამენია და ზურაბ იაშვილი დღეს დაბარებულნი არიან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით.
კახაბერ დამენიასთვის და ზურაბ იაშვილისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით.
აღკვეთის ღონისძიების სახის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დამატებით ეცნობება”, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.