“პირველი ევროპელის აკვანში” ბუნებრივი აირი შეიყვანეს

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელი პატარა დმანისი სომხეთ-საქართველოს საზღვრამდე ბოლო ქართული სოფელია. 2002 წლის მონაცემების მიხედვით, სოფლად მაშინ 169 კაცი ცხოვრობდა, თუმცა ახლა ეს ციფრი თითქმის განახევრებულია. პატარა დმანისი ზღვის დონიდან 900 მეტრზე მდებარეობს, თუმცა მას მაღალმთიანი სოფლის სტატუსი ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული, რაზეც ადგილობრივი ხელისუფლებაც წუხს. თუმცა იმედს გამოთქვამენ, რომ 2020 წლის ბოლოს სოფელს ეს სტატუსი ექნება.
თამარ კვანჭიანი სოფელ პატარა დმანისის ერთ-ერთი უხუცესი მცხოვრებია, ის ადგილზე 43 წელია ცხოვრობს. იხსენებს იმ დროს, როცა ადგილობრივებს არ ჰქონდათ არც გზა, არც გარე განათება, არც ბუნებრივი აირი – მოკლედ, რომ ვთქვათ, მინიმალური იმ პირობებისა, რომელიც 21-ე საუკუნის ადამიანს სოფელში უნდა ჰქონდეს.

ახალი მერის ინიციატივით, ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემების დიდი ნაწილი ბოლო ერთ წელიწადში მოუგვარდა: გაკეთდა გარე განათება, დაიგო ასფალტი და რაც მთავარია, სოფელი სრულად გაზიფიცირებულია.

“ბუნებრივი აირი არასდროს გვქონია, მოსახლეობას თავი შეშით გაგვქონდა წლიდან წლამდე იმის იმედით, რომ რომელიმე მთავრობა მოგვაქცევდა ყურადღებას და სოფელს გაზს შემოუყვანდა. დღეს ბედნიერები ვართ, რადგან გვაქვს ბუნებრივი აირი და აღარ მოგვიწევს შეშის ყიდვა, რაც ძალიან ძვირი გვიჯდებოდა”, – ამბობს თამარ კვანჭიანი.

სოფელი პატარა დმანისი დმანისის ნაქალაქარის მიმდებარე სოფელია, ეს კი ის ადგილია, სადაც ასეული წლის წინ პირველი ევროპელები ცხოვრობდნენ. ეს ადგილი ტურისტული კუთხით ძალზედ აქტიურად ითვლება.

“პატარა დმანისი ტურისტული თვალსაზრისით პრიორიტეტული და სტრატეგიულია, სოკარმა აბონირების თვალსაზრისით შეასრულა ვალდებულება, გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ გაიყვანა ქსელი. ჩატარებული სამუშაოები გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ სასტუმროები და ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდება ამ ადგილზე”, – ამბობს დმანისის მერი გიორგი ტატუაშვილი.

დმანისის თვითმმართველობაში ამბობენ, რომ სოფელი ამ ეტაპზე მხოლოდ ტექნიკური წყლით მარაგდება. მომდევნო წელს კი პატარა დმანისი სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი. რაც შეეხება გაზიფიცირებას, გიორგი ტატუაშვილი აცხადებს, რომ ბუნებრივი აირით უახლოეს მომავალში სოფელ ირგანჩაის, პანტიანის, შინდილარის და კიზილკლიცის მოსახლეობა ისარგებლებს – სამუშოები ადგილზე უკვე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები