„ღამის სერენადების“ თბილისურ კონცერტზე ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები ბრწყინვალე შესრულებით წარდგნენ

ბათუმის შემდეგ ფესტივალმა „ღამის სერენადები“ თბილისში გადაინაცვლა და 2 სექტემბერს ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა. კონცერტზე მსმენელის წინაშე წარდგნენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი შემსრულებლები და კამერული ორკესტრი ”საქართველოს ვირტუოზები”. აღსანიშნავია, რომ კონცერტი აფხაზეთს მიეძღვნა. ღონისძიებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა კეკელიძე ესწრებოდა.
​პირველ განყოფილებაში ყაზახურმა ტრიომ, მევიოლინე ბაგდათ აბილხანოვის, ჩელისტ კურვანან ახატოვისა და პიანისტ ერლან სერკებაევის შემადგენლობით, ბენჯამინ ბრიტენის „უბრალო სიმფონია“, ასტორ პიაცოლას ტანგო საფორტეპიანო ტრიოსთვის, „წელიწადის დრონი“ და არტიკ ტოკსანბაევის „სტეპების ჩანახატების“ პრემიერა შესთავაზეს მსმენელს.
მეორე განყოფილებაში კი სცენა ქართველმა მუსიკოსებმა დაიკავეს. პიანისტმა სანდრო ნებიერიძემ, მესაყვირე დავით შამანაურმა და დირიჟორმა ვახტანგ მაჭავარიანმა დამსწრე საზოგადოებისთვის ანტონ ვებერნის „ნელი ნაწილი“ (Langsamer Satz) და დიმიტრი შოსტაკოვიჩის საფორტეპიანო კონცერტი No. 1. შეასრულეს.
ირმა კეკელიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე:
„ფესტივალი „ღამის სერენადები“ 37 წელია, რაც არსებობს. ის აფხაზეთის ულამაზეს ქალაქ ბიჭვინთაში დაარსდა. საზარელი ომის და იმ ტრაგედიის გამო, რომელიც ყველას კარგად ახსოვს, ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა. თუმცა ახლა ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალის სახელით არსებობს. „ღამის სერენადები“ მაინც ასოცირდება აფხაზეთთან და ბიჭვინთასთან.
ფესტივალის ფარგლებში მოვისმინეთ ქართველი ახალგაზრდა ვირტუოზების არაჩვეულებრივი შესრულება, ასევე უცხოელმა სოლისტებმა ქართველი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის კომპოზიციები შეასრულეს. დიდი სურვილი მაქვს, რომ ფესტივალი თავის მშობლიურ ქალაქს, ბიჭვინთას დაუბრუნდეს და იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს ყველა ერთად ვიხილავთ.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელს ბატონ გიორგი ისაკაძეს, დიდ მაესტროს ვახტანგ მაჭავარიანს, ვირტუოზ ახალგაზრდა მუსიკოსებს და დამსწრე საზოგადოებას. ეს ფესტივალი ჩვენთვის სავიზიტო ბარათია“.
​გიორგი ისაკაძე, ფესტივალ „ღამის სერენადების“ სამხატვრო ხელმძღვანელი:
„დღევანდელი კონცერტი ბრწყინვალედ დასრულდა. სანდრო ნებიერიძემ და დავით შამანაურმა ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით არაჩვეულებრივად შეასრულეს შოსტაკოვიჩის პირველი კონცერტი. ასევე გამოირჩეოდა ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“, რომელსაც მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი დირიჟორობდა. მათ მიერ შესრულებული ვებერნის „ნელი ნაწილის“ ინტერპრეტაცია ძალიან ღრმა და ორიგინალური იყო. გარდა ამისა, პირველად შესრულდა და შედგა პრემიერა ყაზახი კომპოზიტორის ტოქსამბაევის ნაწარმოებისა. რაც მთავარია, მაყურებელი და მსმენელი კმაყოფილი დარჩა. წინ 4 სექტემბრის კონცერტი გველოდება“.
სანდრო ნებიერიძე, პიანისტი:
„ღამის სერენადები“ ჩემთვის ძალიან დიდი მოვლენა იყო. მიხარია, რომ მონაწილეობა მივიღე როგორც ბათუმის კონცერტში, ასევე თბილისშიც, სადაც მუსიკით გამსჭვალული მსმენელი შემხვდა. ასევე მოხარული ვარ, რომ ჩემთვის ძალიან საინტერესო და საყვარელი კომპოზიტორის, შოსტაკოვიჩის პირველი საფორტეპიანო კონცერტი შევასრულე”.
ბაგდათ აბილხანოვ – მევიოლინე:
„მე მინდა, მადლობა გადავუხადო ფესტივალის ორგანიზატორებს. აქ საუკეთესო ორკესტრი დაგვხვდა. აღფრთოვანებულები ვართ „საქართველოს ვირტუოზებით“. საქართველოში ძალიან მაღალი დონის მუსიკოსები გყავთ. დირიჟორი განსაკუთრებულია. აღსანიშნავია, რომ „ღამის სერენადები“ უმაღლესი დონის ფესტივალია. საქართველოში ჩვენ მიმართ განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობა გამოიჩინეს. დიდი მადლობა ყველას“.
„ღამის სერენადების“ სამხატვრო ხელმძღვანელები არიან ლიანა და გიორგი ისაკაძეები. ფესტივალის დირექტორია ნინა ცაგარელი. ფესტივალის მთავარი დირიჟორი გახლავთ ვახტანგ მაჭავარიანი.
ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“. ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ქალაქ ბათუმის მერია; ქალაქ თბილისის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა; ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია – კომპანია „არდი“.
​პარტნიორები: კომპანია „თელასი“; ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი ;ქართული ბრენდი „მარი გოლდი“; პირველი ქართული ვისკი „ჯიმშერი“; ღვინის კომპანია „როალ ხვანჭკარა“; კომპანია „სარაჯიშვილი“; პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი “ლუტეცია“, “არომატეკა“, „პალმა აპარტამენტი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები