კახა კალაძე: საერთაშორისო მეგობარი პოლიტიკოსები აქტიურად იყენებენ „ტვიტერს“, „ინსტაგრამს“, „ფეისბუქს“
თბილისის მერი კახა კალაძე პრემიერის პოსტიდან მამუკა ბახტაძის გადადგომას გამოეხმაურა და იმ ფაქტს, რომ მან განცხადება ამის შესახებ სოციალურ ქსელში გაავრცელა, მისაღები უწოდა.
კალაძემ ბახტაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენი საერთაშორისო მეგობარი პოლიტიკოსები, ქვეყნის ხელმძღვანელები ძალიან აქტიურად იყენებენ „ტვიტერს“, „ინსტაგრამს“, „ფეისბუქს“. რატომაც არა?! რატომ არ უნდა გამოვიყენოთ, რა არის ამაში ცუდი?
მინდა მამუკა ბახტაძეს მადლობა გადავუხადო იმ საქმიანობისთვის, რაც მან ამ ხნის განმავლობაში გააკეთა. მისი პრემიერ-მინისტრობიდან მე გამოვყოფდი ვალების ჩამოწერის პროექტს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მან ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის პერიოდში გააკეთა ამაზე განცხადება და შემდეგ უკვე უშუალოდ განახორციელა ეს პროექტი, რომლის წყალობითაც ძალიან ბევრ ადამიანს შესაძლებლობა მიეცა, ახლიდან დაეწყო ცხოვრება. კიდევ გამოვყოფდი განათლების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმას. რაც დღეს ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს და წინსვლას ყველაზე მეტად სჭირდება, ეს არის განათლებული და ნასწავლი თაობები, რომ შემდეგ ამ ახალგაზრდების განათლება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის გამოვიყენოთ,“ – განაცხადა კახა კალაძემ.