დავით უსუფაშვილი პრემიერის გადადგომაზე – „ნიჭიერია ბიძინა“

„შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის თანამდებობიდან გადადგომას და მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებას გამოეხმაურა.
როგორც უსუფაშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ნიჭიერია, თუმცა ამ ნიჭს მხოლოდ სათავისოდ იყენებს.
„ივანიშვილი საკუთარ საპარლამენტო უმრავლესობას ულტიმატუმს უყენებს – ან ისინი გახარიას მხარს დაუჭერენ და ამით ივანიშვილის თუნდაც ჩასაძირად განწირულ ნავს მიეჯაჭვებიან; ან ისინი გახარიას ჩააგდებენ და ამით პარლამენტს ვადამდე გამოეთხოვებიან.
ივანიშვილი, მისი აზრით, ოპონენტებსაც წაუგებელს ეთამაშება – ან გახარიას გაპრემიერებით პროცესების სუპერპოლარიზაციას შეუწყობს ხელს და სააკაშვილის აჩრდილს კიდევ ერთხელ დაამარცხებს; ან გახარიას ჩაგდებით ვადამდელ არჩევნებს გამოიწვევს და არსებული საარჩევნო სისტემის პირობებში ოპოზიციას გონს მოსვლას არ აცდის.
ნიჭიერია ბიძინა, მაგრამ მხოლოდ სათავისოდ და არა საქვეყნოდ“,-დაწერა უსუფაშვილმა.
საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა.
მისი შემცვლელის ვინაობა ოფიციალურად ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყნის ახალი პრემიერი შს ამჟამინდელი მინისტრი გიორგი გახარია გახდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები