“გამოსავალი არის არა შიდა გადანაცვლებები “ქართული ოცნების” გუნდში არამედ, ამ გუნდის მთლიანად სახლში გაშვება”
გამოსავალი არის მხოლოდ ერთი – არა შიდა გადანაცვლებები “ქართული ოცნების” გუნდში არამედ, ამ გუნდის მთლიანად სახლში გაშვება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ მამუკა ბახტაძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
“გაუფასურებული ლარი, გაძვირებული ცხოვრება, კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობა, გაზდილი სამთავრობო ხარჯები, „გავრილოვის ღამე“ – ეს არის მოკლე ჩამონათვალი იმის, რითი დაამახსოვრა თავი ამ ერთი წლის განმავლობაში ბახტაძის მთავრობამ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ამიტომ ნებისმიერი საუბარი მისი მხრიდან, რაც ინსტიტუციონალურ ჩარჩოებზე, მომავალი წლების განვითარების სახელმძღვანელოებზე და მსგავსი მაღალფარდოვანი ფრაზები უბრალოდ ადასტურებს, რომ ეს მთავრობა კიდევ ერთხელ მოწყდა რეალობას. მათ ისიც კი არ ესმით, რა სჭირდება ქვეყანას. ამიტომ გამოსავალი არის მხოლოდ ერთი – არა შიდა გადანაცვლებები “ქართული ოცნების” გუნდში არამედ, ამ გუნდის მთლიანად, ერთიანად, მშვიდობიანად სახლში გაშვება და ახალი ხელისუფლების მოსვლა, რომელსაც ესმის რა სჭირდება ქვეყანას და რა პრობლემები აქვს მოსახლეობას და რომელიც დაკავდება ამ პრობლემების მოგვარებით და არა “ფეისბუქზე” გამოსათხოვარი მაღალფარდოვანი ნეკროლოგების მომზადებით”, – განაცხადა ბაქრაძემ.
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით ბახტაძემ სოციალურ ქსელში გააკეთა. ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა ხვალ დასახელდება.