სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ ვართ ევროპა და უნდა გავხდეთ ამ სივრცის სრული ნაწილი
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში ვიზიტის მნიშვნელობასთან დაკავშირებით გუშინ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში “ქრონიკის” კითხვებს უპასუხა.
– თქვენი ვიზიტი და გაკეთებული განცხადებები ისევე როგორც პარიზში, მედეფის ღონისძიებაზე, ასევე ეკონომიკის მინისტრებთან, ქართულმა მხარემ ღიად თქვა, რომ უნდათ მათ მეტი ინვესტიცია საქართველოში. რისი შესაძლებლობები არის, თქვენ რაც მოისმინეთ და რას შეიძლება რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ველოდოთ ?
– ჯერ ერთი, არის ძალიან დიდი მზადყოფნა და ძალიან დიდი ინტერესი საქართველოს მიმართ და ეს ინტერესი თუნდაც იმაში აისახება, რომ მიმიწვიეს იმისთვის, რათა გამეხსნა ასეთი მასშტაბის ფორუმი, სადაც სარკოზი, მაკრონი და სხვები არიან გამოსულები. ანუ, ეს ფაქტი ნიშნავს, რომ დღეს საქართველოს აქვს სხვა დატვირთვა და სხვა მნიშვნელობა, და ეს იყო ორმაგი მიმართულებით. ერთი იყო ევროპა და ჩვენი ადგილი ევროპაში, რასაც ძალიან აფასებს დღევანდელი საფრანგეთი, რომელიც ერთგვარად დღეს ჩანს როგორც ახალი ლიდერი ამ ევროპის და ყოველ შემთხვევაში ლიდერი იმ აზრის, რომ ევროპა უნდა გაძლიერდეს და უნდა იყოს ბევრად უფრო აქტიური მსოფლიო რუკაზე. ეს იყო ერთი მიმართულება და თუნდაც, თუ მოისმინეთ ირლანდიის ვიცე-პრემიერის რეაგირება ჩემ გამოსვლაზე და ჩემ მოთხოვნაზე, რომ ჩვენ ვართ ევროპა და უნდა გავხდეთ ამ ოჯახისა და ამ სივრცის სრული ნაწილი იმ ფორმით, რომ დღეს და ხვალ ეს იყოს აღიარებული, არა მხოლოდ კარგად მიიღო, არამედ თვითონ გამოთქვა აზრი, რომ ჩვენ ყველაფერში მხარს დაგვიჭერს. ასეთი ღია მხარდაჭერა მე ხშირად არ გამიგია. ამიტომ, ძალიან დასაფასებელია. ოვაცია რაც იყო ბოლოს და განცხადებები, რომ მსგავსი პროევროპული სიტყვა მოენატრათ ევროპაში და კიდევაც უნდათ ხშირად ესმოდეთ, ეს ყველაფერი ჩვენთვის ხელსაყრელი და ძალიან პოზიტიურია.
– თქვენ გამოსვლაში გააკეთეთ აქცენტი ჩვენს ევროპულ მომავალზე. ახსენეთ და განმარტება გააკეთეთ, რომ საქართველო ელოდება კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.
-არა – პირიქით ვთქვი, არა.
-სანამ საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს, მანამდე ევროპა უნდა იყოს აქტიური. რას შეიძლება ველოდოთ მანამდე სანამ რეალურად პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩვენ შესახებ არ არის?
-რაც ვთქვით ბათუმში, სამწუხაროდ, ეს თემატიკა სწრაფად გავიარეთ და არ იყო გაშლილი ისე, როგორც უნდა ყოფილიყო. ჩვენ ვიცით, რომ პოლიტიკური ვითარება- ბრექსიტი და სასწაული ხდება, როცა ყველაზე ძველი დემოკრატია- ბრიტანეთი, დღეს ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, რომ პარლამენტს სიტყვა არ მისცეს ბრექსიტის საკითხში. ამ პირობებში, ჩვენ ვიცით და ყველამ ვისაც ესმის რა ხდება ევროპაში იცის, რომ რამე გადაწყვეტილება ან არსებული კანდიდატების მიღებაზე, ან ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, დღეს არის შეუძლებელი. ჩვენი ამოცანა არის, რომ ამ პერიოდში სანამ ეს ასეა, ჩვენ ყველანაირად შევაღწიოთ შიგნით. ყველა იმ კუთხით, პროგრამით, მიმართულებითა და სექტორით, როგორითაც შესაძლებელია. და ამისთვის ჩვენ გვჭირდება მზადყოფნა ევროპის და ეს მზადყოფნა არსებობს, იმათაც ესმით, რომ რაღაცნაირად არიან შეზღუდულნი და ჩვენი ენერგია უფრო სჭირდებათ, ენთუზიაზმი. როგორც გინდათ ისე დაარქვით, არ შეიძლება ჩაიკეტონ შიგნით და მხოლოდ და მხოლოდ თავიანთ პრობლემებზე იყვნენ დამოკიდებული. ძალიან საინტერესო გაგრძელება იყო ის ცალკე შეხვედრები, ეომლებიც მქონდა და ვაგრძელებ დღესაც სხვადასხვა კომპანიების თავმჯდომარეებთან, ვინც არიან დაინტერესებულნი, რომ ჩამოვიდნენ და ჩვენთან ნახონ, რა საშუალებები არსებობს. თვით ეკონომიკის მინისტრმა, ეკონომიკისა და ფინანსების მინისტრმა თქვა, რომ ჩვენი და ევროპის მომავალი ერთად არის, საჭიროა ახალი ინვესტიციების ჩადება იმ რეგიონებში, რომლებიც არის მნიშვნელოვანი განვითარებისთვის და თქვენ ხართ ერთ-ერთი.
-თქვენ თქვით, რომ ყველა კარზე აპირებთ დაკაკუნებას…
-ეს დავიწყე ახლა და სამი დღის განმავლობაში ვაკაკუნებდი.
-რაც შეეხება რუსეთს, თქვენ სიტყვაშიც ახსენეთ ურთიერთობები და ის, რომ ყოველდღიური პროვოკაციების რეჟიმში ვცხოვრობთ, გართულებული სიტუაციაა საოკუპაციო ხაზთან, მოახლოებული ჟენევის ახალი შეხვედრა (5:28-5:29). თქვენ როგორც ხედავთ ამ პრობლემებს, იმიტომ რომ, საზოგადოება ყოველთვის ითხოვს პოზიციის დაფიქსირებას პრეზიდენტის მხრიდან.
-მე პოზიციას სულ ვაფიქსირებ.
– თქვენ რამდენად გჯერათ რუსეთთან დიალოგის და რა შემთხვევაში წარმოგიდგენიათ, რომ ეს შესაძლებელია ?
-შესაძლებელი როცა იქნება, თუ იქნება, ვნახოთ. აუცილებელია, რომ ყველაფერს ვაკვირდებოდეთ, რაც ხდება. ჩვენი დღევანდელი სიტუაცია, როგორც გადავდივართ პროვოკაციებიდან გაყინულ სიტუაციაში, სამომავლოდ კი არაფერი არ ჩანს, ეს არის შეუძლებელი და ამიტომ ჩვენ გვჭირდება მოძრაობა, როგორც ევროპასთან, ასევე ამ საკითხთან მიმართებაში. მე მგონი ყველა მეთანხმება, რომ არ შეიძლება ჟენევა იყოს მხოლოდ ტექნიკური, ვნახოთ რა შეიძლება გაკეთდეს. თვითონ საფრანგეთი იწყებს ახალ ინიციატივებს, თუ მისი ინიციატივებიდან გამომდინარე რამე ცვლილება იქნება რუსეთის პოზიციაში, ჩვენ მერე ვნახოთ, რა იქნება. მაგრამ ის ფაქტი, რომ ჩვენ უნდა გამოვიდეთ ამ გაყინული ჟენევიდან და გაყინული მდგომარეობიდან, მე მგონი ყველა ვთანხმდებით, იმიტომ რომ ამ პროვოკაციების ასე გაგრძელება შეუძლებელია.
-ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ჟენევის ფორმატის ცვლილება ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს …
-ეს არის ერთ-ერთი, მე მგონი, რომ ჩვენ აქაც უნდა ვიფიქროთ ყველაფერზე, როგორ შეიძლება და რა შეიძლება და არ ვიყოთ გაჩერებული, მხოლოდ ,,ვაიმე რომ რა ხდება” განცხადებების გაცვლაში. ეს მე არ მყოფნის და არა მგონია, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დამაკმაყოფილებელი.
-და ბოლოს, ქალბატონო სალომე. მას შემდეგ რაც გავრცელდა თქვენ მიერ შეწყალებული პირების სია, კითხვები დაისვა, თუ რა კრიტერიუმებით აირჩა ეს პირები. ყველაზე მეტი კითხვა კი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის რამაზ დევიძის განთავისუფლების შესახებ გაჩნდა. რატომ შეიწყალეთ ის?
-რატომ შევიწყალე ამას ნამდვილად არ გეტყვით, იმიტომ რომ ეს არის დისკრეციული უფლება პრეზიდენტის. ეს გახდა უცებ პრობლემა იმ დროს, როდესაც ამდენი არის აქ სალაპარაკოდ პოზიტივი. ესეც დიდად არ მიკვირს და თუ რამე განცხადება არის უფრო დეტალური გასაკეთებელი, მე მგონი ეს უნდა გაკეთდეს თბილისში, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა რომ ვწუხვარ, როცა ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები იხილებადღეს აქ, ევროპის შუაგულში, მცდელობაა აქცენტი სხვა საკითხზე გადავიდეს. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყნისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ვერ ვერთიანდებით. დამელოდონ ორი დღე და თბილისში მიიღებენ პასუხს. დღეს რაც აქ ხდება ესაა მნიშვნელოვანი და ამაზე ვისაუბროთ. ჩავალ თბილისში, არსად არ გავიქცევი და იქ ვნახავთ, რა არის პასუხი.