თბილისის საიალქნო კლუბის სპორტსმენები სომხეთში მიმდინარე ტურნირში მონაწილეობენ
სომხეთში, სევანის ტბაზე ლაზერისა და ოპტიმისტის საერთაშორისო კლასის იალქნიან ნავებში, „ღია საერთაშორისო პირველობა აფროსნობაში“ ტარდება. ტურნირი 24 აგვისტოს დაიწყო და 30 აგვისტომდე გაგრძელდება.
საქართველოდან, თბილისის საიალქნო კლუბის სპორტსმენები არიან წარდგენილი: 4 ოპტიმისტის კლასში მონაწილეობს, ერთი აფროსანი კი ლაზერის ოლიმპიურ კლასში.
ტურნირში მონაწილეობენ სპორტსმენები სომხეთიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან. ტურნირში მონაწილეების ასაკი 9-დან 15 წლამდე მერყეობს.
შეჯიბრის გახსნას აფროსნობის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ჯუმბერ ცომაია დაესწრო. რბოლების ბოლო ორ დღესა და დაჯილდოების ცერემონიალს კი მოქმედი პრეზიდენტი დევი ქიტუაშვილი დაესწრება. ასევე, ტურნირის დახურვაზე სომხეთს ეწვევიან ფედერაციის გენერალური მდივანი თეიმურაზ გოცაძე და ფედერაციის სხვა წევრები.
„ტურნირის მიზანია უფრო მეტი გამოცდილების მიღება და საერთაშორისო დონეზე ჩვენი სპორტსმენების წარმატება. რა თქმა უნდა გვაქვს ძალიან დიდი მოლოდინები და გამარჯვების იმედი“,- აღნიშნა დევი ქიტუაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ტურნირზე ქართველი აფროსნების გამგზავრება და მონაწილეობა საქართველოს აფროსნობის ფედერაციამ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით უზრუნველყო.
ცნობისთვის, 20-22 სექტემბერს, თბილისის საიალქნო კლუბი ღია ტურნირზე სომეხ აფროსნებს უმასპინძლებს.
