სახელმძღვანელოს “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” დანერგვა მესტიის მუნიციპალიტეტში გაგრძელდა

0

განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის და გარემოსდაცვითი ინფორმაციისთვის საქართველოს მასშტაბით “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დანერგვას აგრძელებს. სახელმძღვანელოს დასანერგად ცენტრის თანამშრომლებმა მესტიის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგები და მეთოდისტები გადაამზადეს და სასწავლო რესურსები გადასცეს. გარემოს საინფორმაციო სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა მიმართა და გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოფხვრაში სკოლამდელი განათლების როლზე ყურადღება გაამახვილა. როგორც მან აღნიშნა, სკოლამდელი განათლების სახელმძღვანელო 2019 წლის ბოლომდე მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება და ცენტრი სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობას სხვა აქტივობებითაც განაგრძობს. სახელმძღვანელო “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად, პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა. სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისის მუნიციპალიტეტში, კახეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის მხარეებში.

კომენტარები

კომენტარი