მცხეთაში ნაყინის ფესტივალი გაიმართება

0

საქველმოქმედო ფონდ „ანუკი არეშიძის“ ინიციატივითა და ორგანიზებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით და ბიზნესსტრუქტურების თანადაფინანსებით, 24 აგვისტოს, მცხეთის ცენტრალურ სკვერში, მცხეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი და შშმ ბავშვებისთვის საზაფხულო გამაგრილებელი დესერტის ფესტივალი გაიმართება.
საქველმოქმედო ღონისძიების მიზანი, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების ხელშეწყობით, მოზარდების მიმართ ერთობლივი ზრუნვაა, რათა ფონდმა ხელი შეუწყოს მათ საზოგადოებასა და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ურთიერთინტეგრაციისა და ჯანმრთელი კომუნიკაციის დამყარებას.
მნიშვნელოვანია, ასევე, საზოგადოებაში სრულყოფილ წევრებად თავის დამკვიდრების მიზნით, მათი ფსიქო-კომპლექსური დამოკიდებულების დარღვევა, ერთიანობის შეგრძნების გაღრმავება და მოტივაციის ამაღლება.
კონკრეტული მიზნის გათვალისწინებით, ქალაქ მცხეთის ცენტრალურ სკვერში, ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა სახის საინტერესო და სახალისო გასართობი აქტივობები გაიმართება. მუნიციპალიტეტის დახმარებით, მცხეთის მუნიციპალიტეტში ყველა სოციალურად დაუცველი და შშმ პირი საზეიმოდ მორთულ ტერიტორიაზე 17:00 საათზე შეიკრიბება.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა გამაგრილებელი დესერტის დეგუსტაცია, რომელსაც ბელორუსული კომპანია „მოროზპროდუქტ ჯორჯია” უზრუნველყოფს. ღონისძიებას საკუთარი პროდუქციით კომპანიები: „სნო“, და „ზედაზენი” გაამრავალფეროვნებენ, ხოლო ფონდის თანადამფინანსებლები – „საჭაშნიკე“, „კოკა-კოლა“ და „ლიდერფუდი“, საბავშვო გასართობ პროგრამებს უზრუნველყოფენ. კერძოდ, მოეწყობა სახატავი კუთხე, სადაც ბავშვები ზაფხულის თემატიკაზე ადგილზე დახატავენ – საუკეთესო ნამუშევრის ავტორს თავად ანუკი არეშიძე დააჯილდოებს.
უამრავ სიურპრიზთან და გათამაშებასთან ერთად ფესტივალის სპეციალური სტუმარი იტალიელი მზარეული ენცო მარი და ნუცა სურგულაძე იქნებიან, რომლებიც სტუმრებს, ექსკლუზიური რეცეპტით სხვადასხვა სახის დესერტსა და კოქტეილებს შესთავაზებენ.
გასართობი პროგრამა 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
ფესტივალის ინიციატორის, მუნიციპალიტეტის მერიის და პარტნიორი კომპანიების შეთანხმებით, მსგავსი სახის მასშტაბური გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები ინტენსიურ სახეს მიიღებს და მომავალშიც მიზნობრივ სტრატეგიაზე იქნება მიმართული.
R

კომენტარები

კომენტარი