შემოსავლების სამსახური: მოკვლევის შედეგად, ნატახტარი-გუდაურის გზაზე ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევები დადასტურდა

შემოსავლების სამსახურმა ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევები გამოავლინა. უწყებამ რეაგირება მოახდინა „გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება“ ifact-ის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაზე, რომლის თანახმად ყაზბეგი-ფასანაურის გზაზე მდებარე ობიექტებში გადახდა რუსულ რუბლშია შესაძლებელი.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უწყების საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს ოფიცრებმა ნატახტარი-გუდაურის გზის მიმდებარე ტერიტორიაზე მოკვლევა განახორციელეს.
„კერძოდ, გადამხდელთა მიმართ ჩატარდა მიმდინარე კონტროლის პროცედურები. შედეგად, სააგენტოს მიერ მოწოდებული სამართალდარღვევის ფაქტები დადასტურდა. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 20 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის ცხრა ფაქტი და მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის შვიდი შემთხვევა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, მასალები ქვემდებარეობით გადაეგზავნება შესაბამის სასამართლოს, ხოლო საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის შვიდი შემთხვევაში გადასახადის გადამხდელთა მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სანქციის სახით მათ შეეფარდათ გაფრთხილება“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
​ამასთან, უწყება შეახსენებს მეწარმე სუბიექტებს, რომ ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა. შესაბამისად, მოუწოდებს თავი შეიკავონ ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევისგან.
შემოსავლების სამსახურის ცნობითვე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელთა მხრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ხორციელდება მეწარმე სუბიექტის მიერ ქონების რეალიზაციისა და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ფასის ლარით გამოხატვის წესის დაცვის მონიტორინგის ღონისძიებები.
„აღსანიშნავია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოვლენილია საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 84 ფაქტი“, – აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები