გიორგი ტყემალაძე – წყალი, რომელიც თბილისს მიეწოდება ხარისხიანია

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით, ოპოზიციის ბრალდებას გამოეხმაურა.
როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, მას სრული პასუხისმგებლობით შეუძლია განაცხადოს, რომ სასმელი წყალი დაბინძურებული არ არის და მოსახლეობისთვის მისი მიღება უსაფრთხოა.
„წყალი, რომელიც დედაქალაქს მიეწოდება, უმაღლესი ხარისხის ლაბორატორიებში არაერთ ფილტრაციას გადის. ეს ლაბორატორიები მე და ჩემს კოლეგებს პირადად გვინახავს და ვიცით, თუ როგორი მაღალი ტექნოლოგიებით ხდება წყლის ხარისხის შემოწმება. რაც შეეხება კონკრეტულ ადგილს, რომელზეც ოპოზიცია საუბრობს, იქ გარკვეული პრობლემები შესაძლოა იყოს, თუმცა ამაზე მუშაობა მიმდინარეობს და არსებობის შემთხვევაში, პრობლემა გადაიჭრება,“ – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ოპოზიციას მოუწოდა ნუ შეიყვანენ მოსახლეობას შეცდომაში, რადგან სასმელი წყლის ხარისხზე საუბარი ერთ-ერთი ყველაზე საფრთხილო თემაა.
დღესვე გიორგი ტყემალაძე კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნულ მისამართზე ძალიან მასშტაბური სამუშაოები შესრულდა, თუმცა იყო სხვადასხვა ხარვეზებიც. მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთელი სამუშაო უხარისხოდ არის შესრულებული.
„დედაქალაქის მერმა მკაფიოდ თქვა, რომ ყველა ის კომპანია, რომელიც ასრულებს სამუშაოებს, ვალდებული იქნება გამოასწოროს ხარვეზები. შესაბამისად, არც ქალაქის ბიუჯეტი იზარალებს და სამუშაოებიც ხარისხიანად შესრულდება,“ – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები