მამუკა ბახტაძე: ჩვენ წელს უკვე შეგვიძლია, თამამად განვაცხადოთ, რომ აზიური ფაროსანას პრობლემის მოგვარება მიუახლოვდა დასასრულს და წლევანდელი წელი არის გარდამტეხი

“ჩვენ წელს უკვე შეგვიძლია, თამამად განვაცხადოთ, რომ აზიური ფაროსანას პრობლემის მოგვარება მიუახლოვდა დასასრულს და წლევანდელი წელი არის გარდამტეხი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში თხილის მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრისას განაცხადა.
 
მთავრობის მეთაურის თქმით, მოსავლის ჩაბარების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და წელს ფერმერები მაღალ შემოსავალს მიიღებენ.
 
„მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, რომელთაც ძალიან დიდი ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა აღმოგვიჩინეს. მათი და ჩვენი მეცნიერების ერთობლივი მუშაობის შედეგია, რომ ჩვენ წელს უკვე შეგვიძლია, თამამად განვაცხადოთ, რომ აზიური ფაროსანას პრობლემის მოგვარება მიუახლოვდა დასასრულს. სანამ ეს პრობლემა არსებობს, ჩვენ არ გავჩერდებით და ვიმუშავებთ ამ საკითხის ბოლომდე გადასაჭრელად”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
 
პრემიერმინისტრმა ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში წარმოებულმა არასწორმა პოლიტიკამ ამ დარგის დაკნინება გამოიწვია, თუმცა, მთავრობის მეთაურის თმით, ბოლო პერიოდის სტატისტიკამ ცხადყო, რომ 6 წლის შემდეგ ქვეყანამ სოფლის მეურნეობაში სავაჭრო დეფიციტის 900 მილიონიდან 300 მილიონამდე შემცირება შეძლო.
 
„მე მახსოვს ჩვენი ოპონენტების კრიტიკა, რომელიც დღესაც გრძელდება, რომ, თურმე, საქართველოში სოფლის მეურნეობას პერსპექტივა არ აქვს. მოდით, მეგობრებო, ერთად გავიხსენოთ ძალიან მარტივი სტატისტიკა. 6 წლის წინ ჩვენი დეფიციტი სოფლის მეურნეობით ვაჭრობაში იყო 900 მილიონი. თითქმის მილიარდის დეფიციტი ჰქონდა საქართველოს სოფლის მეურნეობაში. ეს იყო იმპორტირებული პროდუქცია, რომელიც საშუალებას არ აძლევდა ჩვენს ფერმერებს, ჰქონოდათ წარმატებული საქმიანობა. წლების განმავლობაში წარმოებულმა არასწორმა, არაეფექტურმა პოლიტიკამ სოფლის მეურნეობაში გამოიწვია ამ ყველაზე მნიშვნელოვანი დარგის დაკნინება საქართველოში. დღეს 6 წლის შემდეგ ჩვენ შევძელით, რომ ეს დეფიციტი შემცირებული არის 300 მილიონამდე და ეს არის უზარმაზარი წარმატება. ჩვენ შევამცირეთ დეფიციტი სამჯერ და რომ არა აზიური ფაროსანა და მტკივნეული გამოწვევა და პრობლემები, რომლებიც შეიქმნა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავანულებდით სავაჭრო დეფიციტს. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი ნაბიჯებით უკვე 2020 წელს ჩვენ შევძლებთ, რომ სავაჭრო დეფიციტის ეს ძალიან მტკივნეული სტატისტიკა აღარ გვქონდეს სოფლის მეურნეობაში. ეს იქნება სწორედ თქვენი დამსახურება, ჩვენი ფერმერების”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები