რუსეთუმეობის სტიგმა და „იმედის“ ფილმი – POSTV, ბაჩო ოდიშარიას „რევოლვერი“ (ვიდეო)
„ფსევდოლიბერალური ჯგუფები და სუბიექტები ყველა შესაძლო მეთოდით ამუნათებენ როგორც ფილმის შემოქმედებს, ისე – მთელი ტელევიზიის თანამშრომლებს“…
– ამბობს კინოკრიტიკოსი ბაჩო ოდიშარია ინტერნეტტელევიზია POSTV-ის ანალიტიკურ ბლოგში, რომლითაც აგვისტოს ომის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასული დოკუმენტური ფილმის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება.
„მსგავსი რიტორიკა, ანტირუსული ისტერიკა და უბრალო ხალხისთვის მუდმივად შიდა მტრის იარლიყის მიწებება, თავიდან ბოლომდე არის “მიშისტური” პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს წინა მთავრობის დანაშაულების უარყოფასა და მის ირგვლივ მსჯელობის წარმოებაზე ცენზურის დაწესებას“, – ამბობს ბლოგის ავტორი.
ამასთანავე, მისი თქმით, რუსეთი, რასაკვირველია, ემზადებოდა, უბრალოდ, ის ემზადებოდა ცხინვალში სააკაშვილის შეჭრისთვის, რათა შემდეგ საერთაშორისო ტრიბუნაზე ჰქონოდა თავის გასამართლებელი ალიბი.
„რუსეთი ჩვენი ქვეყნის ოკუპანტია, ის არის აგრესიული და ექსპანსიური სახელმწიფო, საქართველოს ხელისუფლების ვალდებულება ხალხის წინაშე კი ის გახლავთ, რომ რუსეთს ამის საშუალება არ მისცეს. ლიბერალური ჯგუფები ცდილობენ, გვაცხოვრონ ცივილიზაციურ რასიზმში, სადაც ამერიკულ დიპლომატიურ კორპუსს ენას ვერ უბრუნებენ, ხოლო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს გამუდმებით აშანტაჟებენ რუსეთუმეობის იარლიყის მიწებებით. ეს არის ჩვეულებრივი ლიბერალური შანტაჟი, რომელიც ვრცელდება რიგით ქართველზე, ჩაგრავს მხოლოდ მას“, – ამბობს ბაჩო ოდიშარია.