„იმედის“ ეთერში აგვისტოს ომზე გასულ ფილმს არხის ჟურნალისტები “ფლეშმობით” აპროტესტებენ

0

ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლები: „ქრონიკის“ ჟურნალისტები და imedinews-ის რედაქტორები რუსეთ-საქართველოს ომზე ტელეკომპანიის ეთერით გასული ფილმის სულისკვეთებას არ იზიარებენ, რასაც „ფეისბუკზე“ ფლეშმობით აპროტესტებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს.
„არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს!“, – წერენ „იმედის“ საინფორმაციო გამოშვების, „ქრონიკის“ ჟურნალისტები სოცქსელში.
საქმე ეხება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 11 აგვისტოს გასულ ფილმს „ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს“, რომელსაც საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. მოგვიანებით ფილმთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა არხის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ლალიაშვილმა.
„პროდიუსერი ვარ მე. ეს რეპორტაჟი დამზადდა ჩემს მიერ, ჩემი პროდუსინგის ქვეშ. ჩემი ხელმძღვანელობით. რაც შეეხება ფილმის ავტორებს, ფილმის ავტორი არის მერაბ მამარდაშვილი, რომელიც ბულინგით მოკლეს იმის გამო, რომ სიმართლეს აყენებდა ყველაფერზე მაღლა. ფილმის ავტორი არის ის ასეულობით ჩვენი ჯარისკაცი, რომელიც გმირულად შეეწირა სააკაშვილის ავანტიურას. ამ ფილმის ავტორები არიან დევნილები, რომლებიც არიან მსხვერპლნი ამ ავანტიურის და ბოლოს, ამ ფილმის ავტორი არის ქართული საზოგადოება, რომელმაც მშვენივრად იცის ყველაფერი და რომელსაც 11 წელი უკრძალავდნენ უბრალოდ სიმართლის თქმას. აღებული არის ის დოკუმენტები რომელსაც ხელს აწერდა მათ შორის სააკაშვილის ხელისუფლებაც. აღებული არის ევროსაბჭოს დასკვნები. ის ადამიანები არიან გამოყვანილი ვინც ლაპარაკობენ იმ პერიოდზე და არიან თვითმხილველები ამ ყველაფრის“, – განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი