აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად მიხეილ დილიმაშვილი დაინიშნა
შსს-ს აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად პოლიციის პოლკოვნიკი მიხეილ დილიმაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.
მიხეილ დილიმაშვილი ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა. ამ პოსტზე ის პოლიციის მაიორმა ვაჟა სირაძემ შეცვალა.
1978 წელს დაბადებული მიხეილ დილიმაშვილი პროფესიით სამართალმცოდნეა.
მას 2005-დან 2015 წლამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გავლილი აქვს სხვადასხვა საკვალიფიკაციო და პროფესიული სასწავლო კურსი.
მიხეილ დილიმაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მუშაობა 2001 წელს რიგით პოლიციელად, ინსპექტორის პოზიციიდან დაიწყო.
2004-2009 წლებში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ოცეულის, ხოლო შემდეგ ასეულის მეთაურის პოზიცია ეკავა;
2009 წლიდან 2012 წლამდე მუშაობდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოში, სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე;
2012-2014 წლებში იყო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს ასეულის მეთაური, შემდეგ- მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;
2014 წლიდან ეკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საპატრულო პოლიციის შემოწმების სამსახურის უფროსის თანამდებობა;
2018 წლიდან 2019 წლის 30 იანვრამდე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის პოზიციაზე მუშაობდა;
2019 წლის იანვრიდან აგვისტომდე მიხეილ დილიმაშვილს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.
ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.
ჰყავს მეუღლე და შვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე პოლიციის მაიორი ვაჟა სირაძე დაინიშნა.