პრემიერ-მინისტრმა 17-წლამდელ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი გახსნა

თბილისთან ერთად ზუგდიდში, ქუთაისში და ბათუმში დაგვემატება ოლიმპიური პარამტრების აუზები და დარწმუნებული ვარ, ჩვენ დავიბრუნებთ იმ დიდებას, რაც წყალბურთში ქართველ ერს ჰქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპის ჩემპიონატის გახსნის ოფიციალური ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ევროპის ჩემპიონატი გახსნა და საქართველოს 17-წლამდელ წყალბურთელთა ნაკრებს რუმინეთთან პირველ შეხვედრაში გამარჯვება მიულოცა.
“მიხარია, რომ საქართველოში უფრო და უფრო მეტი საერთაშორისო ტურნირი ტარდება. მე ძალიან მიყვარს წყალბურთი, სპორტის ეს ულამაზესი სახეობა. ჩვენ დიდი ტრადიციები გვაქვს წყალბურთში. არსებობდა გარკვეული ჩავარდნა და ძალიან მიხარია, რომ ასეთი კარგი თაობა მოდის. ჩვენი ვალდებულებაა, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ აუცილებელი ინფრასტრუქტურა. ამ ახალგაზრდებში ჩვენ ვხედავთ მსოფლიო წყალბურთის მომავალ ვარსკვლავებს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერმა წყალბურთელებთან ერთად წარმატებული ასპარეზობა მიულოცა ქართველ მოკრივეებს, რომლებმაც 7 ოქროს მედალი მოიპოვეს. მთავრობის მეთაურია შეფასებით, ეს ფენომენალური შედეგია.
პრემიერ-მინისტრმა მასშტაბური საერთაშორისო ტურნირის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სპორტულ ფედერაციებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
თბილისის ოლიმპიური საცურაო აუზი 17-წლამდელ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატს 18 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. ჩემპიონატში ევროპის 16 უძლიერესი ნაკრები მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები