შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართლწესრიგის ოფიცრის 100 ვაკანსიაზე განცხადებების მიღება გამოაცხადა

შინაგან საქმეთა სამინისტროში მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანტურ თანამდებობაზე დასაქმების მსურველთა განცხადებების მიღების მიმდინარეობს. მართლწესრიგის ოფიცრის 100 ვაკანსიაზე განცხადებების გაგზავნა შესაძლებელია hr.police.ge-ზე და hr.gov.ge-ზე.
როგორც სამინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად, უმაღლესი განათლება აუცილებელი მოთხოვნაა. შერჩეული კანდიდატები, საკონკურსო ეტაპების გავლის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მართლწესრიგის ოფიცრის მოსამზადებელ სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას გაივლიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში განხორციელებული რეფორმის თანახმად, აკადემიაში სწავლის პერიოდი ანაზღაურებადი გახდა, შესაბამისად, შერჩეული პირები, ოფიცრის მოსამზადებელი პროგრამის გავლისას, შრომის ანაზღაურების ნახევარს მიიღებენ. სწავლების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ოფიცრები სამოქმედო ტერიტორიებზე ეტაპობრივად გადანაწილდებიან.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, დეტალური ინფორმაცია მიიღონ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე – Officer.ge-ზე, რომელიც სპეციალურად მართლწესრიგის ოფიცრებისათვის შექმნილი საკომუნიკაციო არხია. ვებგვერდის მეშვეობით, მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ, საჭირო ინფორმაცია მიიღონ მათ ტერიტორიაზე მოქმედ მართლწესრიგის ოფიცრებთან დაკავშირებით და უშუალო კომუნიკაცია დაამყარონ მათთან.

მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია აპრობირებული და საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის კონცეფციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. ოფიცრები, დანაშაულისა და სამართალდარღვევების თავიდან აცილების მიზნით, პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფენ. მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში შედის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება.

აღნიშნული ინსტიტუტი ეტაპობრივად, ჯერ თბილისის მასშტაბით, ხოლო მოგვიანებით – მთელ საქართველოში დაინერგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები