„ქართული გემოს მემკვიდრეობა“ – ქართული ტრადიციული კულინარიული რეცეპტების კრებული გამოიცა
კულინარების ოჯახური ტანდემის – არჩილ ზამბახიძისა და ქეთევან პაპავას 2-წლიანი კვლევის შედეგად ქართული ტრადიციული კულინარიული რეცეპტების ახალი კრებული – „ქართული გემოს მემკვიდრეობა“ გამოიცა. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით წიგნის ავტორებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ წამოწყებული პროექტის – „ქართული გემოს მემკვიდრეობის“ ფარგლებში შესრულებული აკადემიური გამოცემა 155 თანამედროვე და ძველ, უკვე მივიწყებული კერძების მომზადების წესს აერთიანებს, რომელიც კულინარების წყვილმა ქვეყნის პროვინციებში მოიძია.
გამოცემაში წარმოჩენილი კერძების ინგრედიენტები, მომზადების ტექნოლოგიები და გრამაჟები შერჩევის წესით გამოვლენილ იმ ოჯახებსა და ადამიანებს ეკუთვნით, რომელთაც წიგნის ავტორები რეგიონებში მოგზაურობისას სტუმრობდნენ. კვლევისას მოძიებული დაკარგული რეცეპტების უმრავლესობა ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთობლივად გაცოცხლდა. მათში გაზიარებული ქართულ კულინარიის ოჯახური და კუთხური უნარჩვევები, ისტორიები და ლეგენდები, სამომავლოდ ქართული გასტრონომიული კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტოსთან ერთად, რომელმაც წიგნის საგამომცემლო პროცესი დააფინანსა, კულინარიული კრებულის ავტორების იდეის განხორციელებას კერძო კომპანიებმა და პროფესიულმა გაერთიანებებმა შეუწყვეს ხელი. პროექტის ტექნიკური და ლოგისტიკური უზრუნველყოფა საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ, “Adjara Group Hospitality”-მ და კომპანია “ნიკორამ” უზრუნველყვეს.
პროექტის – „ქართული გემოს მემკვიდრეობა“ ფარგლებში, არჩილ ზამბახიძისა და ქეთევან პაპავას საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ აფხაზური აპირპილ ჯიკისა და მეგრული აჯიკის მომზადების ტექნოლოგიას 2018 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.