თბილისის მერიამ ბაგა-ბაღების საკვებით მომარაგებაზე ტენდერი გამოაცხადა

თბილისის მერიამ ბაგა-ბაღების საკვებით მომარაგების მომსახურების შეძენაზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 14 აგვისტოს დაიწყება და 16 აგვისტოს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება მარჯვენა სანაპიროსთვის 17 002 058 ლარია, მარცხენა სანაპიროს შემთხვევაში კი – 43 265 221 ლარი.
პრეტედენტს მოეთხოვება  ბაგა-ბაღების საკვებით მომარაგება 2019 წლის 16 სექტემბრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განახორციელოს.
ტენდერის პირობებში აღნიშნულია, რომ საკვები პროდუქტის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყანაში არსებულ სტანდარტებსა და „ტექნიკური დავალებაში“ გაწერილ ტექნიკურ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს.
 
პრეტენდენტს 2016 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა გააჩნდეს საკვები პროდუქტების მიწოდების არანაკლებ 10 000 000 ლარის ღირებულების გამოცდილება. უნდა ჰქონდეს საერთაშორისო ISO 9001:2008 ან ISO 9001:2015 ან ISO 22000 (სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის) მოქმედი სერტიფიკატი.
 
მიმდინარე წლის 20 მაისს, ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტებით მომარაგების გამოვლენილი ხარვეზების გამო, თბილისის მერიამ კომპანია „ნილთან“ ხელშეკრულება შეწყვიტა. 2018 წელს, ერთი წლის განმავლობაში, ბაღების საკვებით მომარაგების ტენდერის ღირებულება 34 მილიონ ლარს შეადგენდა.
 
ახალი ტენდერის გამოცხადებამდე, შესყიდვებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები თავად ახორციელებდნენ. 27 მაისიდან კი მერიამ, აღნიშნული სერვისის მიმწოდებლად, ახალი ტენდერის გამოცხადებამდე, კომპანია „მზიური“ შეარჩია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები