“მე ვოცნებობ, რომ ადამიანებს უყვარდეთ ერთმანეთი, ეხმარებოდნენ და ერთმანეთისთვის ცხოვრობდნენ” – “ჩერნოვეცკის ფონდი” საზოგადოებას მარიამ დემეტრაშვილის დახმარებისკენ მოუწოდებს

83 წლის მარიამ დემეტრაშვილი სიცოცხლის უკანასკნელ წლებს სიღარიბეში ატარებს. იგი ერთოთახიან, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, სადაც აუტანელი საყოფაცხოვრებო პირობებია. ბოლო დროს, ამ ხანდაზმული ადამიანის ჯანმრთელობა განსაკუთრებით გაუარესდა: იგი ვერ გადაადგილდება, დაკარგა მხედველობა, დაუქვეითდა სმენა, აღენიშნება გონებრივი ჩამორჩენილობა, არ შეუძლია ერთმანეთისგან დღისა და ღამის გარჩევა.

მარიამს მეუღლე 25 წლის წინ გარდაეცვალა, ორი წლის შემდეგ – უფროსი ვაჟი, გავიდა კიდევ 8 წელი და მეორე ვაჟიც გარდაიცვალა. ოჯახის სამი წევრის უდროოდ წასვლამ დაღი დაასვა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას. განუწყვეტელი ნერვიულობა და სტრესი მძიმე ფსიქიკურ დაავადებაში გადაიზარდა.
ამ ხანდაზმულ ქალბატონს 60 წლის რძალი, გარდაცვლილი შვილის მეუღლე უვლის, რომელიც, ამავდროულად, ფსიქიკურად დაავადებულ შვილზე ზრუნავს.
ეს ადამიანები სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობენ. მათ საცხოვრებელში საშინელი სიდუხჭირე სუფევს, შეყუჟულნი არიან ერთოთახიან ბინაში, სადაც აუტანელი პირობებია. ეს ოჯახი ხშირად შიმშილობს, რამეთუ პენსიისა და სოციალური შემწეობის დიდი ნაწილი მედიკამენტების ყიდვასა და ბინის ქირას ხმარდება.
„არაერთხელ მივმართე მერიას თხოვნით, რომ გამოგვიყოს სოციალური საცხოვრებელი ან მოგვცენ ქირის ფული, მაგრამ უარით მისტუმრებენ”, – ამბობს დოდო დემეტრაშვილი, – “თუ სახელმწიფი ამ საკითხის მოგვარებაში დამეხმარება, ცოტათი მაინც მოვითქვამთ სულს, წამლებს ვიყიდი და საჭმელს“.
-ქალბატონო დოდო, პროფესიით ვინ არის თქვენი დედამთილი?
დოდო: მთელი ცხოვრების მანძილზე პლასტმასის ქარხანაში მუშაობდა მუშად. სამწუხაროდ, მას არასდროს ჰქონია მშვიდი და დაწყნარებული ცხოვრება. მარიამი სულით ძლიერი ქალია, უამრავ ტრაგედიას გაუძლო, ბოლომდე ცდილობდა გამკლავებოდა სიძნელეებს.
-ვინ გეხმარებათ?
დოდო: მეზობლები გვეხმარებიან. ისინი რომ არ მყავდნენ, არ ვიცი, რა მეშველებოდა. მეხმარებიან დედამთილის დაბანაში, ხანდახან საჭმელი შემოაქვთ, მამხნევებენ კეთილი სიტყვით. სამწუხაროდ, სახელმწიფო არ გვეხმარება, თუ არ ჩავთვლით სოციალური შემწეობის 150 ლარს. ნახეთ, როგორ გაძვირდა ყველაფერი?! წამლებისა და პროდუქტების ფასი დღითიდღე იზრდება. სასოწარკვეთაში ვარ, მიჭირს ელემენტარული საკვების ყიდვაც კი…
-ალბათ კარგი დედამთილია ქალბატონი მარიამი ასეთი რუდუნებით რომ უვლით, არა?
დოდო: ქალბატონი მარიამი შესანიშნავი პიროვნებაა. მე მას ვერ მივატოვებ. ეს არასდროს მოხდება. დედამთილიც რომ არ იყოს, ნებისმიერ შემთხვევაში, ხანდაზმულ ადამიანს მოვლა-პატრონობა სჭირდება, მით უმეტეს – ავადმყოფს.
-თქვენი შვილი ფსიქიკურად არის დაავადებული?
დოდო: დიახ. გარდა ამისა, მას С ჰეპატიტი სჭირს. აი, ასე ვარ ორ ავადმყოფ ადამიანს შორის, ხან ერთს უჭირს, ხან- მეორეს. დიდი მადლობა თქვენს ფონდ, რომ „შინ მოვლის“ პროგრამაში ვართ ჩართული. თქვენი ექიმი და ექთანი პერიოდულად მოდიან ჩვენთან.
– რაზე შეიძლება, იოცნებოს ადამიანმა, რომელიც ორ ავადმყოფს უვლის?
დოდო: მე ვოცნებობ, რომ ადამიანებს უყვარდეთ ერთმანეთი, ეხმარებოდნენ და ერთმანეთისთვის ცხოვრობდნენ.
მეგობრებო, მარიამ დემეტრაშვილს ჩვენი დახმარება ესაჭიროება. ამ ქალბატონს ცხოვრებამ უმძიმესი ბედი არგუნა. დღეს მას და მის ოჯახს ძალიან უჭირს. თქვენ დახმარებას დემეტრაშვილების ოჯახისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მოდით გულთან ახლოს მივიტანოთ მათი პრობლემები და ხელი შევუწყოთ ქალბატონ დოდოს ორი ადამიანის მოვლაში. გფარავდეთ უფალი!
შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მარიამ დემეტრაშვილი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ფონდის საიტიდანაც https://chernovetskyifund.ge/ge/projects/493-demetrashvili/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები