მომავალი წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატი იცვლება

2020 წლიდან აბიტურიენტები ოთხი გამოცდის ნაცვლად სამ გამოცდას ახალი მოდელით ჩააბარებენ. ეროვნული გამოცდების ჩასაბარებელ საგნებს უნარების გამოცდა მოაკლდება.
მოდელის ცვლილებასთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ბატიაშვილი და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი – სოფო გორგოძე მართავენ.
ახალ მოდელზე გადასვლით საგნის ფაქტობრივი ცოდნის გარდა შემოწმდება სხვადასხვა უნარიც.
„საგნობრივ გამოცდაში შემოწმდება არა მხოლოდ ფაქტობრივი მასალის ცოდნა, არამედ ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორებიც არის კრიტიკული აზროვნების, ინფორმაციის ადეკვატურად დამუშავების, შეფასების, ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი“, – აცხადებენ სამინისტროში.
აბიტურიენტებს სამი სავალდებულო საგნის ჩაბარება მოუწევთ. უცხოურ ენასა და ქართული ენისა და ლიტერატურასთან ერთად მესამე საგანს ჩააბარებენ, რომელიც დამოკიდებული იქნება პროგრამებზე.
ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე – ისტორიას, ხოლო, პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას, ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ.
ასევე, უმაღლეს სასწავლებლებს შეეძლებათ მეოთხე საგნის დამატება: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.
სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივის გათვალისწინებით, ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის დაწყების მსურველებს მოუწევთ სავალდებულო ოთხი გამოცდის ჩაბარება: ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; ბიოლოგია; მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს სულ მცირე, ერთს). მეოთხე საგნისთვის გამოყოფილი იქნება კვოტირებული ადგილები, თითოეულ საგანზე, არანაკლებ, 30 პროცენტისა.
სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად შემოქმედებით ტურთან ერთად აბიტურიენტმა უნდა ჩააბარონ: ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა.
რაც შეეხებათ აზერბაიჯანულ და სომხურენოვან აბიტურიენტებს – ისინი ძველი ფორმატით ჩირიცხებიან.
რომელი დამატებითი საგნების ჩაბარება მოუწევთ აბიტურიენტებს კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად, მიმდინარე წლის სექტემბრის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები